„ევროკომისიის კვლევა ადასტურებს საქართველოს სტრატეგიულ სატრანზიტო მნიშვნელობას, ასახავს მას ყველა რეალისტურ აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობის სცენარში და ხაზს უსვამს, რომ კონკურენცია განისაზღვრება არა მხოლოდ გეოგრაფიით, არამედ ეფექტიანობითა და მმართველობის ხარისხით. ანგარიშში ცალსახად გამოკვეთილია, რომ საქართველო აღიქმება როგორც რეგიონში ევროკავშირის სტანდარტებთან ყველაზე მეტად თავსებადი ქვეყანა,“ - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის საკითხების გენერალური დირექტორატის კვლევა, რომელიც ევროკავშირის, ცენტრალურ აზიასთან, სამხრეთ კავკასიასთან და თურქეთთან რეგიონული დაკავშირებადობის საკითხებს მოიცავს.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, „საქართველოს პორტები, რკინიგზა, საგზაო ინფრასტრუქტურა და რეგულატორული ჩარჩოები ჩაშენებულია ყველა რეალისტურ აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობის სცენარში, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, გადაიარაღების პროცესში“.

თამარ იოსელიანის თქმით, აღნიშნული საკითხი პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, რომელიც 7 მლრდ. აშშ. დოლარის ინვესტიციას ახორციელებს როგორც ფიზიკურ ინფრასტრუქტურაში, ასევე სისტემების გაციფრულებისა და ბიუროკრატიის შემცირების მიმართულებით  საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური სისტემების სრული თავსებადობის მისაღწევად როგორც ფართო რეგიონულ, ასევე საერთო ევროპულ სისტემებთან.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს