თბილისის მერი კახა კალაძე ისნის რაიონში იმყოფებოდა, სადაც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს.
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე N109 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა უკვე ფინალურ ეტაპზეა გადასული - ახალი საბავშვო ბაღის კონსტრუქციის ძირითადი ნაწილი უკვე აშენებულია და ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ფასადის მოწყობა, ასევე, შიდა სარემონტო სამუშაოები.
„ისნის რაიონში კიდევ ერთი - N109 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნული ბაღის შენობა ავარიული იყო და პრობლემას წარმოადგენდა უსაფრთხოების თვალსაზრისით. მოგვიწია სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტა და ბავშვების დროებით სხვაგან გადაყვანა. ავარიულ შენობას დემონტაჟი ჩაუტარდა და შედგა ახალი პროექტი. სამუშაოები დაწყებულია და მომდევნო წლის მარტში უნდა დასრულდეს. ეს ყველაზე დიდი ბაღია დედაქალაქში და 600 ბავშვზეა გათვლილი. აქაც დაცული იქნება მაღალი ევროპული სტანდარტი, რომელიც გვაქვს ყველა ბაღის მშენებლობის დროს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბაღს 30%-ით შეუძლია გაზარდოს ბავშვების რაოდენობა, თუ ამის საჭიროება იქნება. გარდა ამისა, დედაქალაქის მასშტაბით, ექვსი ბაღი შენდება, ორს კი რეაბილიტაცია უტარდება. ესეც მომდევნო წლის სექტემბრისთვის მთლიანად უნდა დასრულდეს, შევიდეს ექსპლუატაციაში და მოემსახუროს მომავალ თაობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
N109 საბავშვო ბაღი ერთ-ერთია იმ პროექტებიდან, რომელთა დემონტაჟი ავარიულობის გამო გასულ წლებში განხორციელდა და მათ ნაცვლად ახალი პროექტები დაიგეგმა. აღნიშნული საბავშვო ბაღი 20-ჯგუფიანი იქნება და 600-ზე მეტ აღსაზრდელს მოემსახურება.
შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და დაცული იქნება ბავშვთა უსაფრთხოების პირობები, ასევე, ადაპტირდება შშმ პირთათვის. აღსანიშნავია, რომ პროექტში გათვალისწინებულია შენობის ენერგოეფექტურობაც, რაც ხარჯების დაზოგვას ისახავს მიზნად.
საბავშვო ბაღის ექსპლუატაციაში მიღება მომავალი წლის სექტემბერში იგეგმება. ახალი სააღმზრდელო წლის დაწყებისთვის, ალტერნატიულ ფართში განთავსებული კონტინგენტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში დაბრუნდება. აღნიშნული პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 7 მილიონამდე ლარი გამოიყო.
კახა კალაძესთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილეები კახა გულედანი და ირაკლი ბენდელიანი, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსი კახა აბულაძე, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატები ნიკა ელისაშვილი და კახა ლაბუჩიძე იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს