ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში ნებისმიერი ოპტიმიზაცია გამართლებულია. მისი შეფასებით, ამ პროცესის მიზანი სახელმწიფო კომპანიების ეფექტურობის გაზრდაა. დავით მირცხულავა მიიჩნევს, რომ თითოეული კომპანიისთვის უნდა შემუშავდეს კონკრეტული კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მათი ეფექტიანობა შეფასდება.

,,ჩამოთვლილია სახელმწიფო კომპანიები, რომლებიც ენერგეტიკაში მუშაობენ. ყველა ამ საწარმოში ნებისმიერი ოპტიმიზაცია გამართლებულია. ოპტიმიზაციას აქვს გარკვეული მიზნები. ეს არის ამ კომპანიების ეფექტურობის გაზრდა. ვფიქრობ, რომ დასამუშავებელია შესაბამისი კრიტერიუმები თითოეული კომპანიისთვის, რათა მოხდეს მათი ეფექტურობის შემოწმება. კრიტერიუმები უნდა იყოს ძალიან კარგად გაწერილი და მათი მიხედვით თითოეული ამ კომპანიის (ეს ეხება გადაცემის კომპანიებს თუ გენერაციის კომპანიებს) ეფექტურობა უნდა შემოწმდეს.’’- აცხადებს დავით მირცხულავა.

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ ოპტიმიზაციამ უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება. დავით მირცხულავა მიიჩნევს, რომ ოპტიმიზაციის მიზანი უნდა იყოს გენერაციის წყაროებზე დაერთების პროცესის გაადვილება და მომხმარებლისთვის ელექტოენერგიაზე მინიმალური საფასურის შეთავაზება.

,,როდესაც ასეთი ოპტიმიზაცია ხდება, მაგალითად ელექტროგადაცემის კომპანიებზე ვისაუბრებ, ამან უნდა გააუმჯობესოს ფასწარმოქმნა ელექტროენერგიის გადაცემაზე. გაცილებით უნდა გაადვილდეს ახალი გენერაციის წყაროების მიერთება. საბოლოო ჯამში, ოპტიმიზაციამ უნდა უზრუნველყოს მომხმარებლისთვის მინიმალური შესაძლო ფასი საიმედო მომსახურებაზე. ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი უნდა იყო, თუ როგორ ჩაჯდება აქ საინვესტიციო პროცესი. იმიტომ, რომ ბუნებრივია გადაცემის სფეროს განვითარებაც აუცილებელია და ეს ლოგისტიკური საფუძველია ქვეყნის მთელი ელექტროენერგეტიკული განვითარების. ასეთი კომპონენტები და კრიტერიუმები უნდა იყოს დამუშავებული.’’- აცხადებს დავით მირცხულავა.

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ოპტიმიზაციის პროცესში სტრუქტურული რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს. დავით მირცხულავა მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით საჭიროა სპეციალისტებმა დისკუსია გამართონ და რეფორმა საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებით ჩატარდეს.

,,აშკარად ჩანს, რომ ამ სფეროში აუცილებელია გარკვეული სტრუქტურული რეფორმის ჩატარებაც, რომელიც წაადგება დარგს, წაადგება საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას და ა.შ. ვხედავ, რომ ჩასატარებელია გარკვეული სამუშაო და გარკვეული სტრუქტურული რეფორმის აუცილებლობაც აშკარად ჩანს ენერგოსისტემის მართვისა და გადაცემის სისტემაში, თუმცა ეს არის სპეციალისტების დისკუსიის თემა. ენერგეტიკაში რეფორმა ყოველთვის დისკუსიებს მოითხოვს, საჭიროა საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებაც და გაანალიზება ჩვენი სიტუაციის. აუცილებლობას ვხედავ, რომ ეს მომენტი დღეს დგას, ამიტომ მივესალმები პრემიერის განცხადებას, რომ ეკონომია კეთდება ენერგეტიკის მიმართულებით. 16,5 მლნ. ლარი მნიშვნელოვანი თანხაა. მისასალმებელია, როცა ხდება ასეთი გააზრებული ოპტიმიზაცია. ნებისმიერ ოპტიმიზაციას მივესალმებით. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ მრავალ კომპანიაში იყო ამის გაკეთების საშუალება.’’- აცხადებს დავით მირცხულავა.

ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს ვკითხეთ, რის ხარჯზე შეიძლება მოხდეს ოპტიმიზაცია. მოსალოდნელია თუ არა თანამშრომლების შემცირება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხარჯზე მუშა ხელის ოდენობის ოპტიმიზაცია? დავით მირცხულავა კადრების შემცირებას არ გამორიცხავს.

,,ბუნებრივია, ოპტიმიზაცია ალბათ შეეხება დასაქმებულთა ოდენობას. აქაც არის ეტყობა გარკვეული რესურსები. მე ნამდვილად არ შემისწავლია ეს მიმართულება, მაგრამ ალბათ ნამდვილად არის ამის საშუალება. მეორე საკითხია ახალი ტექნოლოგიების გამოყენება, რაც მასიურად იგეგმება ქართულ ენერგეტიკაში და უნდა დაინერგოს. ისედაც გვაძლევს მუშა ხელის გარკვეული რაოდენობის ოპტიმიზაციის გაკეთების შესაძლებლობას. ახალი ტექნოლოგიები იგეგმება და მნიშვნელოვნად მცირდება კადრების რაოდენობა.’’- აცხადებს დავით მირცხულავა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში (ესენია: ელექტროსისტემა, საქრუსენერგო, ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ესკო, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, გაზის ტრანსპორტირების კომპანია, ენგურჰესი) ოპტიმიზაციის პროცესი ჩატარდება, რის შედეგადაც ჯამში მინიმუმ 16,5 მილიონი ლარი დაიზოგება.