„ძალიან მიკვირს, მსგავსი პრობლემა თუ დგას“, - ასე გამოეხმაურა დეველოპერული კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე მთავრობის მიერ მომზადებულ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის წარმოების სამართალდარღვევის მუხლის კვალიფიკაცია შესაძლოა, შეიცვალოს, ჯარიმების ოდენობა კი - გაიზარდოს.

როგორც ბესო ორთოიძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, კონტროლი ამ მიმართულებით საკმაოდ მაღალი სტანდარტებით ხორციელდება.

„ძალიან მიკვირს, მსგავსი პრობლემა თუ დგას. კონტროლი ამ ნაწილში საკმაოდ მაღალი სტანდარტით მიმდინარეობს. გვაქვს შემთხვევები, როცა ობიექტიდან მტვრიანი მანქანის გასვლის გამოც ვჯარიმდებით. სამრეცხაო კი არის მოწყობილი, მაგრამ თუ მაინც გარკვეული კვალი დატოვა მანქანამ, ვჯარიმდებით და აქედან გამომდინარე, ვერ ვხვდები, რამეს აშენებდეს ადამიანი და ეს მშენებლობა უკანონო იყოს“, - აცხადებს ბესო ორთოიძე.