დუშეთის ცენტრალური, ისტორიული უბნის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. 38 შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაცია-მშენებლობა მიმდინარეობს, საიდანაც 33 შენობაზე სამუშაოები უკვე დასრულებულია და დარჩენილი 5 შენობაც წლის ბოლომდე დასრულდება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ დუშეთში მიმდინარე ურბანული განახლების პროექტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, „ძალიან დიდი შრომა და ძალისხმევა იქნა გაწეული“, როგორც არქიტექტორების, რესტავრატორების, მშენებლების მხრიდან, ისე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ.

„აქ არის როგორც არქიტექტურულად გამორჩეული, ისე შინაარსით მნიშვნელოვანი შენობები - ილიას დუშეთში მოღვაწეობის დროინდელი სასამართლო და საცხოვრებელი სახლი, ძველი აფთიაქის, ბანკის შენობები, ეგრეთწოდებული სამიკიტნოების უბანი. პროექტის განვითარების შედეგად, დუშეთის პოტენციალი ტურისტული თვალსაზრისით კიდევ უფრო გაიზრდება და მეტი განვითარების შესაძლებლობებს გააჩენს“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის განცხადებით, განახლებული შენობების კერძო მესაკუთრეებს უკვე აქვთ სასტუმროს და ტურისტული დანიშნულების სხვა ობიექტის განვითარების კონკრეტული გეგმები.

დუშეთის ისტორიული უბნის ურბანული განახლების პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 19.2 მილიონი ლარია.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ქალაქ დუშეთის ურბანული განახლების პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქალაქის ცენტრალურ პარკს. განახლდა პარკის დაზიანებული ინფრასტრუქტურა, მოეწყო შადრევანი, სანიაღვრეები და საკანალიზაციო სისტემა, ჩატარდა პარკის გამწვანების სამუშაოები. პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში, დასკვნით ეტაპზეა დუშეთის ცენტრალური, ისტორიული უბნის განახლება. უკვე დასრულებულია 33 სახლის, უმეტესად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, რეაბილიტაცია-რესტავრაცია. გრძელდება 5 სახლის, მათ შორის, იმ ისტორიული სასამართლოს შენობისა და სახლის რესტავრაცია-რეაბილიტაცია, სადაც მსახურობდა და ცხოვრობდა ილია ჭავჭავაძე.

„დუშეთის მუნიციპალიტეტი მდიდარია ღირსშესანიშნაობებით და მათი სრული სპექტრით გამოყენებას და ტურისტული ნაკადების მოზიდვას ურბანული განახლების ასეთი მასშტაბური პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.