დასავლეთიდან თბილისში შემოსასვლელად და გასასვლელად ახალი გზა აშენდება, გარდა ამისა დაიწყება ლილოს შემოვლითი გზის პროექტიც, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს განაცხადა.
მისი თქმით, 2025 წელს ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 8 მილიარდ ლარამდე, მათ შორის:
• საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 1 მილიარდ 400 მილიონ ლარამდე, მათ შორის, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება 900 მილიონ ლარამდე;
• მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია 2 მილიარდ 600 მილიონ ლარამდე;
• წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გაუმჯობესებაზე მიიმართება 500 მილიონ ლარზე მეტი, გარდა ამისა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 250 მილიონ ლარზე მეტს არსებული რესურსიდან მიმართავს ამავე სამუშაოებზე;
• საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 1 მილიარდ ლარზე მეტი;
• ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გათვალისწინებულია 150,0 მილიონ ლარზე მეტი;
• სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, გამოყოფილია 200 მილიონი ლარი, მათ შორის, გათვალისწინებულია თბილისში ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დაწყება.