არქიტექტორი და აკადემიკოსი ირაკლი როსტომაშვილი აცხადებს, რომ თბილისში ხიდების არასაკმარის რაოდენობაა, რაც ქალაქში გადაადგილების პრობლემას ამწვავებს. საკითხზე არქიტექტორს um.ge ესაუბრა. გამოცემასთან ირაკლი როსტომაშვილი აღნიშნავს, რომ დედაქალაქის სიგრძე დღეს 35 კილომეტრს აღწევს, საგრძნობლად მომატებულია როგორც მოსახლეობის რაოდენობა, ისე ავტომობილებისა და ტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით კი სასიცოცხლოდ აუცილებელია ინფრასტრუქტურული ღონისძიებების გატარება, რომლებიც ორიენტირებული იქნება გადაადგილების გამარტივებასა და ეკოლოგიური მდგრადობის გაუმჯობესებაზე.
„თბილისს ხიდები აკლია. ქალაქის სიგრძე თითქმის 35 კილომეტრია და ამ მასშტაბისთვის 11 ხიდი ძალიან ცოტაა. დღეს, მტკვრის ერთ სანაპიროზე მდებარე A პუნქტიდან, მერე სანაპიროზე მდებარე B პუნქტამდე მისვლა ნიშნავს, რომ ჯერ უახლოეს ხიდთან უნდა მიხვიდე, მეორე სანაპიროზე გადახვიდე და შემდგომ გაუყვე გზას კონკრეტული მიმართულებით. ეს ორი ადგილი, შესაძლოა, ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყოს, მაგრამ დანიშნულების წერტილამდე სამანქანო გზით მისვლას მაინც საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. შესაბამისად, ხიდებს შორის რაც უფრო ნაკლები დაშორება იქნება, გასავლელი მანძილიც ბევრად შემოკლდება. ამასთანავე, თუ გვაღელვებს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა და გაუთავებელი საცობები, მაქსიმალურად უნდა შევამციროთ მანქანების მოძრაობის დრო, რასაც ახალი ხიდების მეშვეობითა და A-დან B პუნქტამდე გასავლელი მანძილის შემოკლებით მოვახერხებთ“, — ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.
არქიტექტორი აცხადებს, რომ საჭიროა ქვეითად მოსიარულე ადამიანებზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა. თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს ან ფეხით გადაადგილდება. სწორედ ამიტომ, ირაკლი როსტომაშვილი მიუთითებს საფეხმავლო ხიდების საჭიროებაზე. მისი ხედვით, ქალაქის ურბანული დაგეგმვისას პრიორიტეტი სწორედ ქვეითს უნდა მიენიჭოს.
„ზოგადად, ბევრი ხიდის არსებობა ამცირებს მანქანის გამოყენების საჭიროებასაც. პირობითად, მტკვარზე ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიიდან დგებუაძის ქუჩის მიმართულებით საფეხმავლო ხიდის არსებობა ბევრ მოქალაქეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის საჭიროებას მოუხსნიდა, რადგან აღმაშენებლის გამზირიდან ფეხით ჩამოხვალ სანაპირომდე, ხიდზე გადმოხვალ და რამდენიმე ასეული მეტრის გავლის შემდეგ უკვე გმირთა მოედანზე, ან უნივერსიტეტთან, ან კოსტავას გამზირზე აღმოჩნდები. დღეს კი აღმაშენებლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტამდე ფეხით მისვლა ძალიან რთულია, რადგან დიდი მანძილის დაფარვა გიწევს. მოკლედ რომ ვთქვათ, ფეხით სავალი გზის სიგრძეს თუ ამოკლებ, ტრანსპორტის საჭიროებაც მნიშვნელოვნად მცირდება“, — აღნიშნავს ირაკლი როსტომაშვილი.
ირაკლი როსტომაშვილის მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი ობიექტების ადგილმდებარეობა ქალაქის ურბანული განვითარებისა და მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით უნდა შეირჩეს. არქიტექტორი ამბობს, რომ ცუდად შერჩეული ლოკაცია ნიშნავს ათასობით დაკარგულ საათს, დახარჯულ საწვავს, სტრესს და საბოლოოდ ადამიანზე ორიენტირებული ქალაქის იდეის ჩავარდნას.
„თბილისის მარცხენა სანაპიროზე მარჯვენა სანაპიროსთან შედარებით ოთხჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობს, რაც კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორია. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება საზოგადოებრივი ობიექტების განთავსების საკითხს. მაგალითად, ავიღოთ იუსტიციის სახლი, რომელსაც დღის განმავლობაში უამრავი ვიზიტორი ჰყავს. მსგავსი ტიპის ობიექტი უმჯობესია, რომ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე აშენდეს. მიზეზი მარტივია — პირობითად, თუ იუსტიციის სახლში დღის განმავლობაში 10 ათასი კაცი მოდის (ეს რაოდენობა თანაბრად ნაწილდება თითოეულ რაიონზე) და ამ დროს კი მოცემულობა გვაქვს, რომ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე თბილისის მოსახლეობის 70% ცხოვრობს, ეს ნიშნავს, რომ იუსტიციის სახლში მოსული 10 000 ადამიანიდან, 7 000 არის მარცხენა სანაპიროზე მცხოვრები, 3 000 კი — მარჯვენაზე. გამოდის, რომ თბილისის თერთმეტ ხიდზე 7 000 კაცი მხოლოდ იუსტიციის სახლის საჭიროების გამო გადადის და ისევ უკან ბრუნდება. პირიქით რომ იყოს, ანუ მსგავსი ობიექტი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე რომ აგვეშენებინა, მარტივი არითმეტიკაა, რომ ხიდები ორნახევარჯერ ნაკლებად დაიტვირთებოდა“, — მიუთითებს ირაკლი როსტომაშვილი.
უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში თბილისი დემოგრაფიული განაწილება შეიცვალა. ახალი რეალობის მიუხედავად, ქალაქში ინფრასტრუქტურა ძველი ლოგიკით იმართება. რაც სერიოზულ დისბალანსს ქმნის.
„მხოლოდ იუსტიციის სახლი ვახსენეთ, მაგრამ იგივე ეხება ყველა ადმინისტრაციულ დაწესებულებას. ზოგადად, თბილისში, ყველა მსგავსი ობიექტი სწორედ მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს — პარლამენტი, სახელმწიფო კანცელარია, უზენაესი სასამართლო, საკრებულო, რაც თავისთავად პრობლემაა. თავის დროზე, როდესაც ეს დაწესებულებები დაარსდა, თბილისი ბევრად პატარა ქალაქი გახლდათ (კრწანისი, მთაწმინდა, სოლოლაკი, ვერა) და საზოგადოებრივი ობიექტების ცენტრში აშენება ლოგიკურ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა, რადგან თითქმის მთელი ქალაქი ამ არეალში იყო მოქცეული. ნაძალადევი, დიდუბე და ჩუღურეთი კი ძალიან ინტენსიურად უკავშირდებოდა ცენტრს, რისი მაგალითიც არის მშრალი ხიდი, ასევე მეტეხის, ვერის, მნაცაკანოვის ხიდები. ქალაქის იერსახე და რელიეფი ბუნებრივად უკარნახებს განვითარებას. თბილისის იმ დროინდელ მასშტაბთან და განაშენიანებასთან შეფარდებით არსებული ხიდები სავსებით საკმარისი იყო. დღეს კი რადიკალურად განსხვავებული მოცემულობა გვაქვს და შესაბამისად, ხიდების მშენებლობა თბილისისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს. თანაც ხიდები უნდა იყოს ორდონიანი და აკავშირებდეს არა მარტო უშუალოდ სანაპიროებს, არამედ ზედა ნიშნულებსაც“, — ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.
არქიტექტორი განმარტავს, რომ სატრანსპორტო პრობლემა მხოლოდ ახალი გზით ან ახალი ხიდით არ გადაწყდება. მისი შეფასებით, საჭიროა სოციალური ფაქტორების გათვალისწინება და მოსახლეობის ქცევის ანალიზი.
„მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ სატრანსპორტო პრობლემა მხოლოდ ახალი გზით ან ახალი ხიდით არ გადაწყდება. ეს ძალიან სერიოზული საკითხია და კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. მაგალითად, ევროპის დიდი ქალაქებში დასაქმებულების უდიდესი ნაწილი სამსახურთან ახლოს ქირაობს ბინას. საქართველოში კი მსგავსი კულტურა არ არის განვითარებული. ჩვენთან თუ ადამიანი გლდანში ცხოვრობს და ფონიჭალაში მუშაობს, ლამის ცხოვრების ნახევარს საცობში ატარებს და საერთოდაც, შესაძლოა, გლდანში ცხოვრობდეს, ფონიჭალაში მუშაობდეს და ბავშვი ბარნოვზე დაჰყავდეს სკოლაში. ქალაქის ხელმძღვანელობამ უნდა გააანალიზოს თუ რა აიძულებს მშობელს ბავშვი გარეუბნიდან ცენტრში მდებარე სკოლაში ატაროს. ანუ რაღაც მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი, რაც, შესაძლოა, მოიცავდეს მასწავლებლების პროფესიონალიზმს, ინფრასტრუქტურის გამართვას და ა. შ. მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული პრობლემის საფუძვლები ვეძიოთ და გადაჭრის გზები ამის შემდეგ დავსახოთ. მაგრამ ჩვენთან საქმეს, რატომღაც, ქუჩის დახაზვით იწყებენ, რაც პრობლემას ნამდვილად არ აგვარებს“, — ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.
არქიტექტორის შეფასებით, თბილისის მთავარ პრობლემას მხოლოდ ხიდების სიმცირე არ წარმოადგენს. ძირითადი გამოწვევა არის ის, რომ დღევანდელი ურბანული სისტემა აღარ უპასუხებს იმ ცვლილებებს, რაც ბოლო ათწლეულებში მოსახლეობის განაწილებაში, ცხოვრების წესსა და სივრცით დინამიკაში მოხდა.