ბათუმში ახალი საერთაშორისო სტანდარტების სკეიტ და როლერ პარკის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ახალი ბულვარის ტერიტორიაზე 4800 კვ.მ ფართობზე განთავსდება.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დასასვენებელი სივრცეების, მაყურებელთა ტრიბუნების, განათების სისტემის მოწყობა. უკვე დასრულდა მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელის მოწყობა და ამჟამად, მიმდინარეობს დეკორატიული თაღებისა და დასასვენებელი სივრცეების მშენებლობა.

ახალი პროექტი ბათუმის ბულვარის განვითარებისა და განაშენიანების გეგმისა და მსოფლიო სკეიტბორდის ფედერაციის სტანდარტების შესაბამისად შემუშავდა. მულტიფუნქციური სპორტული სივრცე სკეიტბორდის მსოფლიო ჩემპიონატს, რეგიონალურ და ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებს უმასპინძლებს.