რა თანხა დასჭირდება ბათუმი-სარფის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობას და ვის მიერ დაფინანსდება პროექტი – ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ვერ გვაწვდის.

მეტიც, დეპარტამენტიდან „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში აღნიშნულია, რომ ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაპოვებლად „შესაბამისი პროცედურების დაწყება“ ახლა იგეგმება.

  • „რამდენია „E-70 საავტომობილო გზის ბათუმის შემოვლითი სარფის [თურქეთის საზღვარი] მონაკვეთის“ მშენებლობის პროექტის ღირებულება?
  • გადაწყვეტილია თუ არა პროექტის დაფინანსების საკითხი და რა ოდენობით? [რომელია დონორი ორგანიზაცია, რამდენია ამ დონორის დაფინანსება და გაფორმებულია თუ არა შესაბამისი ხელშეკრულება? ასევე, რამდენია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება? – ასეთის არსებობის შემთხვევაში.]
  • როდისთვის არის დაგეგმილი გზის მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადება?“ – ამ კითხვებით "ბათუმელებმა" საავტომობილო გზების დეპარტამენტს 2024 წლის 26 დეკემბერს მივმართეთ ოფიციალურად, დეპარტამენტმა კი პასუხი 2025 წლის 20 იანვარს მიიღეს.

„გაცნობებთ, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის E-70 ავტომაგისტრალის ბათუმის შემოვლითი – სარფის საავტომობილო გზის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოპოვების მიზნით იგეგმება შესაბამისი პროცედურების დაწყება, რის დასრულების შემდეგაც, ეტაპობრივად განხორციელდება სატენდერო პროცედურები“ – წერია გზების დეპარტამენტის გამოცემისთვის გაგზავნილ წერილში.

ონლაინ მედიასაშუალება დეპარტამენტისგან ასევე ითხოვდა ინფორმაციას – მზად არის თუ არა განსახლების გეგმა, რა თანხაა გამოყოფილი ჯამში საკომპენსაციოდ და ახლანდელი გათვლებით როდისთვის არის დაგეგმილი აღნიშნული გზის მშენებლობის დასრულება.

„ბათუმის შემოსავლელი-სარფის [თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი] მონაკვეთის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცედურები დასკვნით ფაზაშია და ამ ეტაპისთვის არ არის დასრულებული საპროექტო სამუშაოები. შესაბამისად, დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას მოგაწოდოთ რაიმე სახის სხვა ინფორმაცია, მათ შორის სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება, სამშენებლო სამუშაოებზე სატენდერო პროცედურების დასრულებამდე.

დეპარტამენტში წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია თავის მხრივ მოიცავს მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმას, რომლის განხილვა/დამუშავებაც მიმდინარეობს ამ ეტაპზე. შესაბამისად, გეგმის საბოლოო ვერსიის მიღების შემდგომ, განისაზღვრება პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული უძრავი ქონების საკომპენსაციო ღირებულება.

ამასთან, დამატებით გაცნობებთ, რომ განსახლების პროცედურების განხორციელების დაწყების თაობაზე, დაინტერესებულ პირებს ეცნობება დამატებით.“ – ასეთია გზების დეპარტამენტიდან მიღებული პასუხი.

შეგახსენეთ, ბათუმი-სარფის ავტობანის პროექტირების დასრულება თავიდან 2017 წლის მაისამდე იგეგმებოდა, ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულება კი 2020 წლის გაზაფხულზე, თუმცა, დღეს დეტალური პროექტიც არ არის მზად.

პროექტის მიხედვით, ახალი ავტობანი დაიწყება ქალაქის სამრეწველო ზონაში, ფრიდონ ხალვაშის გამზირთან [აქ სპეციალური საგზაო კვანძით დაუკავშირდება ახალგახსნილ ბათუმის შემოვლით გზას], აშენდება ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე, ხიდიდან გზა გაგრძელდება ახალსოფლისა და ჭარნალის ტერიტორიაზე და 7,6-კილომეტრიანი გვირაბით გამოვა სარფში [ანდრიას ჩანჩქერის მიმდებარედ], სადაც დაუკავშირდება სარფი-ბათუმის არსებულ გზას [აქ დაგეგმილია ზღვის სანაპიროს გამაგრება].

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბათუმი-სარფის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 2024 წლის 24 დეკემბერს გასცა.

წყარო: ბათუმელები