მთავრობამ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ბახმაროს განაშენიანების გეგმის განახლება დაავალა. სააგენტოს ასევე ევალება „ახალი საკურორტო დასახლებების შესაქმნელად“ ბახმაროს მიმდებარე ტერიტორიები შეისწავლოს და შესაბამისად დაგეგმოს.

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის განვითარებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ განკარგულებას ხელი ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 27 ნოემბერს მოაწერა.„სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დაევალოს „ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №589 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქთმშენებლობითი გეგმების განახლება და სათანადო პროექტის საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენა, ასევე მიმდებარე ტერიტორიების შესწავლა/დაგეგმვა ახალი საკურორტო დასახლებების შესაქმნელად“ – წერია მთავრობის 2025 წლის 27 ნოემბრის განკარგულებაში.

ინფორმაციისთვის:მთავრობის 2019 წლის N589 დადგენილებით დამტკიცებულია ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის ტექსტური ნაწილი, ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის გენერალური გეგმა და ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის განაშენიანების გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად. ამავე დადგენილებით გაუქმდა 2017 წლის განკარგულება „ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“.

ბახმაროს განაშენიანების გეგმის განახლებასა და ბახმაროს მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი დასახლებების შესაქმნელად საჭირო ღონისძიებების ხელშესაწყობად, მთავრობის ახალი განკარგულებით, ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას დაევალა, ხოლო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ეთხოვა – კოორდინაციაში იყვნენ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან.

ვრცლად: batumelebi.netgazeti.ge