ბაღდათის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში გზების რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3.8 მლნ ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 3 876 524 ლარიდან ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს მოხმარდება 1 454 350 ლარი; სოფელ როხში გზების მოწყობას - 1 485 036 ლარი; სოფელ ზედა დიმს - 593 351 ლარი; სოფელ ფერსათში გზის რეაბილიტაცია - 343 787 ლარი.
რაც შეეხება პრეტენდენტისთვის წაყენებულ მოთხოვნებს, პრეტენდენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები, რომელთა ღირებულებების ჯამი არანაკლებ 17 444 358 ლარია. ამას გარდა, პრეტენდენტს აუცილებლად უნდა ჰყავდეს შესაბამის სფეროში (საავტომობილო გზების, საგზაო ინჟინერი) საინჟინრო განათლების მქონე მინიმუმ 1 სპეციალისტი, რომელსაც ამ სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება აქვს.
ტენდერი მიმდინარე წლის 31 ივლისს გამოცხადდა, განაცხადების მიღება 16 აგვისტოს დაიწყება და 21 აგვისტოს დასრულდება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, გზების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 9 თვეში უნდა დასრულდეს, რადგან პროექტის დასრულების საბოლოო ვადა 2025 წლის 31 მაისი.