ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა . ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

„ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის პროექტი დასრულებულია. მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები და ხვალ, უკვე 12:00 საათიდან შესაძლებელი იქნება აღნიშნული ხიდის გამოყენება ავტომობილებისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

მისი თქმით, ახალი ხიდი 4 სამოძრაო ზოლისგან შედგება. 

„ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი, რომელიც არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ აშენდა, სიგრძეში 260 მ-ია და 4 სამოძრაო ზოლისგან შედგება, ხოლო მანძილი წყნეთის გზატკეცილიდან უნივერსიტეტის ქუჩამდე 532 მ-ია“, - განმარტა თბილისის მერმა.