საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ლევან ბერიძე, შენობების ფასადების სტანდარტების დამტკიცების ინიციატივას გაუგებარს უწოდებს და ამბობს, რომ არქიტექტურა ხელოვნებისა და ინჟინერიის სინთეზია, სადაც სტანდარტების დაწესება შემოქმედებას ზღუდავს.

როგორც არქიტექტორის დოქტორი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, არქიტექტურულ შემოქმედებაში კონკრეტული სტანდარტის დაწესება იგივეა, რაც  მხატვარს ხატვის დროს გარკვეული სახის შეზღუდვები დაუწესო.

"ინიციატივა უფრო ნათელი უნდა გახდეს და მკაფიოდ ჩამოყალიბდეს "სტანდარტებში" რა იგულისხმება", - აცხადებს ლევან ბერიძე.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე 8 სექტემბერს განაცხადა, რომ შენობების ფასადების, ღობეების გადახურვის იერსახესთან დაკავშირებით კონკრეტული სტანდარტები დამტკიცდება.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, როცა გაიცემა ახალი ნებართვა, ახალი შენობის აშენების კუთხით, ან რეაბილიტაციის კუთხით, ყველა შესაბამისი ნებართვა დაექვემდებარება სტანდარტებს.

"დღეს თუ გადავხედავთ ჩვენს დასახლებებს, ზოგადად ჩვენი ლანდშაფტი არის ძალიან ლამაზი, თუმცა ხშირად შენობები ხელს არ უწყობს ესთეტიკური თვალსაზრისით იერსახის გალამაზებას, ამიტომ ჩვენ გვჭირდება კონკრეტული სტანდარტების დადგენა, რათა გაუმჯობესდეს არქიტექტურული გემოვნება, როგორც სოფლად, ასევე ქალაქად ჩვენ გვინდა მომავალში მივიღოთ უფრო მოწესრიგებული შენობა-ნაგებობები. ამ კუთხით ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს ჩარევა არის მნიშვნელოვანი და აუცილებელიც. აქედან გამომდინარე, ვთხოვე ეკონომიკის სამინისტროს დასახლებების ვიზუალური, ესთეტიკური და სხვა მახასიათებლების საერთო პრინციპებით რეგულირება, შესაბამისი სტანდარტების შემუშავება და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პრაქტიკულად უკვე დასრულების პროცესშია ეს სამუშაო და ძალიან მალე ეს სტანდარტები იქნება დადგენილი. როცა გაიცემა ახალი ნებართვა, ახალი შენობის აშენების კუთხით, ან რეაბილიტაციის კუთხით, ყველა შესაბამისი ნებართვა დაექვემდებარება სწორედ ამ სტანდარტებს და ვფიქრობ, რომ ეტაპობრივად წლიდან წლამდე, გაუმჯობესდება ჩვენი დასახლებების იერსახე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წყარო: ბიზნესპარტნიორი