საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის პრეზიდენტი გივი თხელიძე ამბობს, რომ "ზანგეზურის დერეფანი" "შუა დერეფნისთვის" მომავალი კონკურენტია.
"ზანგეზურის დერეფანი“ როგორც მას აზერბაიჯანი უწოდებს, რეალურად არის გზა, რომლითაც სომხეთის სიუნიქის პროვინცია დააკავშირებს აზერბაიჯანის ექსკლავ ნახიჩევანს დანარჩენ აზერბაიჯანთან. 8 აგვისტოს აშშ-ის შუამავლობით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით. შეთანხმების ნაწილი იყო სიუნიქის დერეფანიც, რომელსაც აშშ Trump Route for International Peace and Prosperity (TRIPP) უწოდებს.
"მოცემული მომენტისთვის ის ჩვენი მომავალი კონკურენტია. ზოგადად, თურქეთი ჩვენთვის მაინც კონკურენტად აღიქმება. ზანგეზურის შემთხვევაში კი საერთოდ ამოვვარდებით. რა თქმა უნდა, გარკვეული ნაწილი გადაინაცვლებს იქ, იმიტომ, რომ დიდი გემები შევლენ ხმელთაშუა ზღვაში და არ მოუწევთ შავ ზღვაში შემოსვლა. იქნება უფრო იაფი და საავტომობილო გადაზიდვები პირდაპირ შესაძლებელი იქნება უკვე აზერბაიჯანსა თუ ცენტრალურ აზიაში. შემდეგ ამას თუ დაემატა რკინიგზა, რა თქმა უნდა, უფრო ძლიერი კონკურენტი გვეყოლება, იმიტომ რომ, როგორც ვიცი, არის ლაპარაკი რკინიგზის ხაზის გაყვანაზეც. უფრო დიდი კონკურენტი იქნება ჩვენი, ვიდრე ამ ეტაპზე წარმოგვიდგენია", - ამბობს თხელიძე.
კითხვაზე რა უნდა გააკეთონ "შუა დერეფნის" ქვეყნებმა, რომ "ზანგეზურის დერეფნის" ამოქმედების შემდეგაც კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნონ, თხელიძე პასუხობს, რომ "შუა დერეფნის" მთავარი უპირატესობა სანდოობა და შედარებით მარტივი საბაჟო პროცედურებია.
"უფრო პრესტიჟული დერეფანი უნდა გავხდეთ, ანუ უფრო სანდო. ჩვენ პრესტიჟული და უსაფრთხო დერეფანი ვართ ამ ეტაპზე. უფრო იაფი გადაზიდვა არის თურქეთიდან და რუსეთიდანაც, რომლებიც ჩვენი კონკურენტები არიან. ჩვენზე იაფია იქ გადაზიდვები, ბევრად იაფიც კი. მაგრამ სანდოობა ჩვენი დერეფნისკენ უფრო არის. მაგალითად, მწარმოებლის და მყიდველისთვის ჩვენი დერეფანი უფრო სანდოა, უფრო მარტივი საბაჟო პროცედურებია, ვიდრე ჩვენს რეგიონში ნებისმიერ მოთამაშესთან", - ამბობს ექსპედიტორთა ასოციაციის პრეზიდენტი.