ახალი წლის შემდეგ რუსთაველის გამზირის სარემონტო სამუშაოები დაიწყება, ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ იმედი Live-ის ეთერში განაცხადა.
კალაძის თქმით, მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემები რემონტს საჭიროებს.
,,გვქონდა სურვილი რუსთაველის გამზირზე დაგვეწყო სამუშაოები და გადავიტანეთ, ახალი წლების მერე განვახორციელებთ პროექტს. როდესაც საახალწლო ღონისძიებები იქნება დამთავრებული, გვინდა დავიწყოთ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია. არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ქალაქის ცენტრალური გამზირი ასე არ უნდა გამოიყურებოდეს, მით უმეტეს ისეთ ქალაქში და დედაქალაქში, როგორიც თბილისია. ამიტომ პირობას ვაძლევ თბილისელებს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გამზირი იქნება, რა თქმა უნდა, ახალი დიზაინით, სიახლეებით, ყველანაირად მოწესრიგებული და განახლებული.
ჩვენ როდესაც გვინდოდა სამუშაოების დაწყება მიწის ქვემოთ არსებულ კომუნიკაციებში სერიოზული პრობლემა არის და გარკვეული დრო დასჭირდება ამ სამუშაოებს, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ძალიან სწრაფად დავიწყოთ და დავამთავროთ სამუშაოები",- აღნიშნა კალაძემ.