ახალი ბაქნები, ელექტრონული ტაბლოები და ონლაინ ბილეთები - ავტოსადგურების სერტიფიცირების ვადა 1 ივნისს იწურება. “ოკრიბაში”, რომელიც ავტოსადგურებს ამ ეტაპზე თბილისსა და ქუთაისში ფლობს, ამბობენ, რომ პროცესი მოსწრებადია და 1 ივნისს ორივე ავტოსადგურს პროცესები დასრულებული ექნება.

“ოკრიბას” იურისტი პაატა ყვავაძე ამბობს, რომ არსებული რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ მგზავრებს სადგურში განახლებული ბაქნები და ელექტრონული ტაბლოები დახვდებათ, სადაც კონკრეტული რეისების შესახებ ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი. მისი თქმით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო მუშაობს ელექტრონულ პლატფორმაზე, სადაც ბილეთების ონლაინ შეძენა იქნება შესაძლებელი.

“ახლებურად მოეწყობა ბაქნები, ახალი სტანდარტი დანერგა რეგლამენტმა და ამას ვასრულებთ. ქართულ რეალობაში უცხო იყო ბილეთების ელექტრონული შესყიდვის სისტემა, მხოლოდ ინდივიდუალურ გადამზიდებს ჰქონდათ. ჩვენი ინფორმაციით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო აკეთებს ერთიან პლატფორმას ელექტრონული ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით, რაზეც სრულიად ვეთანამშრომლებით. ასევე იქნება ელექტრონული ტაბლოები, როგორიც არის აეროპორტებში, რომელიც აჩვენებს ტრანსპორტის შესვლას, გასვლას და დაგვიანებას.

ყველა სიახლე იქნება მორგებული მგზავრების უსაფრთხოებაზე და კომფორტზე. ასევე გაიზარდა ჩვენი როლი გადამზიდავების კონტროლში. იმის შემდეგ, რაც გადამზიდს სახელმწიფო გადამზიდის სერტიფიკატს მიანიჭებს ავტოსადგურს აქვს შიდა პოლიტიკა, როგორ უნდა მოხდეს კონტროლი. ეს არის წელიწადში ორჯერ ჯანმრთელობის და ნარკოლოგიური ცნობის მოთხოვნა. ასევე სახელმწიფო გადამზიდს სთხოვს ნასამართლეობის და ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არ ყოფნის ცნობას, ამას ჩვენ დავამატეთ ის რომ ყოველ სამ თვეში მძღოლი ვალდებული იქნება კონკრეტულ ნარკოტიკულ საშუალებებზე წარმოადგინოს დასკვნა,” - ამბობს “ოკრიბას” იურისტი პაატა ყვავაძე.

ცნობისთვის: ავტოსადგურების სერტიფიცირების ვადა 1 ივნისს იწურება. როგორც ცნობილია 2025 წლის 1-ელი ივნისიდან ავტოსადგურებს სერტიფიცირების ვალდებულება უჩნდებათ. სერტიფიცირების ფასი სადგურის კატეგორიის მიხედვით 1000-10 000 ლარის ფარგლებში მერყეობს. სერტიფიკატი გაიცემა 5 წლის ვადით. ასევე პირველი ივნისიდან 150 კმ-ზე მეტით დაშორებულ პუნქტებს შორის მგზავრების გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება და დასაშვები მხოლოდ ავტობუსებით იქნება. 2025 წლის 1-ელი მარტიდან ძალაში შევიდა რეგულაცია, რომლის თანახმადაც, საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისთვის მძღოლებმა ნებართვა უნდა მიიღონ. ამავე პერიოდში ამოქმედდა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, სამგზავრო გადაყვანებში ჩართულ მძღოლებს პერიოდული სამედიცინო შემოწმების გავლის ვალდებულება გაუჩნდათ.

bm.ge