ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბახვისწყალზე ბახვი ჰესის კასკადის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.

როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში საკონსულტაციო და დეველოპერული კომპანია Energy Solution-ის მმართველმა პარტნიორმა და კომპანია „ბახვი ჰესის“ დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა განაცხადა, ჰესის კასკადში შემავალი სამივე ჰიდროელექტროსადგური ექსპლუატაციაში, სავარაუდოდ, წელსვე შევა.

ბახვი ჰესის კასკადის [ბახვი 1, ბახვი 2ა, ბახვი 2ბ] ჯამური დადგმული სიმძლავრე 46 მგვტ-ია. ინვესტიცია $90 მლნ-ია. პროექტს Energy Solution-ი აშშ-ში დაფუძნებულ საინვესტიციო ფონდთან ერთად ახორციელებს.

პროექტის თანახმად, ბახვი 1 ჰესის დადგმული სიმძლავრე შეადგენს 10.9 მეგავატს, ხოლო წლიური გამომუშავება – 43,1 გვტსთ-ს; ბახვი 2ა სადგურის დადგმული სიმძლავრე 11.6 მეგავატია, ხოლო წლიური გამომუშავება – 45.5 გვტსთ; ბახვი 2ბ სადგურის დადგმული სიმძლავრე კი 23.8 მეგავატია, ხოლო წლიური გამომუშავება 88.8 გვტსთ შეადგენს.

„ბახვი ჰესის კასკადი სამ ჰიდროელექტროსადგურს აერთიანებს. ყველაზე მსხვილი, 24-მეგავატიანი, ფაქტობრივად, უკვე დასრულებულია და მზად არის გასაშვებად, თუმცა სახელმწიფო ელექტროსისტემა გადამცემი ხაზის მშენებლობას ახორციელებს და როგორც კი ის ჩაირთვება, შევძლებთ ქსელთან მიერთებას. მეორე ჰესი უკვე ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში იქნება მზად გასაშვებად და ბოლო, მესამე სადგური კი - წლის ბოლოსთვის, თუ ამინდებმა ხელი შეგვიწყო“, - თქვა გიორგი აბრამიშვილმა და იქვე დასძინა, რომ „ბახვი ჰესის კასკადის“ ექსპლუატაციაში შესვლის შედეგად, საქართველოს ენერგეტიკულ სისტემას წლიურად 200 მლნ კილოვატ საათი შეემატება.

„წერტილთან“ ინტერვიუში გიორგი აბრამიშვილმა ვრცლად ისაუბრა ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის მნიშვნელობაზე და არაერთხელ აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, პირველივე დღიდან აქტიურად დაიწყოს ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბარი და დისკუსია და არა მშენებლობის ნებართვის აღების შემდეგ“ - ეს არის გიორგი აბრამიშვილის მთავარი რჩევა ინვესტორებისთვის.

bm.ge