2026 წელს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე 25 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება. ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიაში წერია, რომ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 222 მლნ ლარი გამოიყოფა, საიდანაც 25 მლნ ლარი გათვალისწინებულია სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის საჭირო გეოლოგიური კვლევებისთვის.

ცნობისთვის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. კერძოდ, 1155 კილომეტრი სიგრძის კაბელი საქართველოდან შავი ზღვის გავლით რუმინეთს დაუკავშირდება. შავი ზღვის კაბელის შესახებ მემორანდუმი 2022 წლის 17 დეკემბერს გაფორმდა და მის ხელმომწერებს შორის არიან: საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი.

პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა, რომელიც მიმდინარეობდა პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობების და საუკეთესო გზების გამოსავლენად, საქართველოს ინიციატივით, 2022 წლის მაისში დაიწყო. ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, იტალიურმა ენერგეტიკულმა საკონსულტაციო კომპანია CESI-მა მოამზადა.

bm.ge