სამტრედია გრიგოლეთის მაგისტრალზე, მდინარე რიონზე მდებარე 801 მეტრის სიგრძის ხიდი 2023 წლის 21 თებერვალს ჩაინგრა. ხიდის მერვე ბურჯის ჩამოშლის შემდეგ სახელმწიფოს მიერ დაქირავებულმა ექსპერტებმა დასკვნა 2023 წლის დეკემბერში დადეს, რის შემდეგაც მთავრობამ დაიწყო დაზიანებული ხიდის აღდგენასთან დაკავშირებით საინჟინრო და საკონტრაქტო სამუშაოები დაიწყო.

ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოებს 2024 წელს გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტი" ასრულებს. BMG-სთან საუბარში კომპანიის დირექტორი, პაატა ტრაპაიძე აღნიშნავს, რომ ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები საკმაოდ კომპლექსურია, მისი თქმით მოელიან რომ საინჟინრო სამუშაოები წელს დასრულდება და შესაძლებელი გახდება თუნდაც ერთი მიმართულებით მოხდეს მისი გახსნა.

დაზიანებული მონაკვეთის დემონტაჟი ბიუჯეტს 14 მილიონი ლარი, ხოლო მთლიანი რეაბილიტაცია კი დაახლოებით 75 მილიონი ლარი უჯდება.

2023 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული ექსპერტული დასკვნის თანახმად, ხიდის მალის ჩამოშლა წინა კონტრაქტორის, "აკკორდის" მიერ არაჯეროვნად შესრულებული საინჟინრო სამუშაოებით იყო განპირობებული. აღნიშნულმა კომპანიამ ააშენა ხიდის მერვე ბურჯი, რომელიც რიონის ადიდების დროს ჩამოიშალა, რასაც მასზე დაყრდნობილი მალების ჩამოშლა მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ სამტრედია-გრიგოლეთის პირველი მონაკვეთის მშენებლობა 2014 წლიდან მიმდინარეობს. პროექტის დასრულების არაერთხელ გადავადება არაკეთილსინდისიერმა კონტრაქტორებმა განაპირობეს. თავდაპირველად კონტრაქტი კომპანია “ალტკომთან” გაფორმდა, რომელმაც ჩარიცხული მრავალმილიონიანი ავანსების მიუხედავად, პროექტის მხოლოდ 24% შეასრულა. 2018 წელს “ალტკომი” კომპანია “აკორდმა” ჩაანაცვლა, რომელსაც 89-მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმდა, თუმცა სამუშაოები ბოლომდე არც “აკორდმა” დაასრულა, რომელთანაც მთავრობამ კონტრაქტი გაწყვიტა.

2025 წლის მარტში ინფრასტრუქტურის სამინისტროში განაცხადეს, რომ საერთაშორისო არბიტრაჟში განიხილება კომპანია "აკკორდის" წინააღმდეგ დავა, რის ფარგლებშიც სახელმწიფო ფინანსურ კომპენსაციას მოითხოვს.

"E-60 მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის გზის კმ00+000- კმ11+500 (ლოტი 1) მონაკვეთზე, მდინარე რიონის ხიდთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ უკვე მიმდინარეობს ხიდის აღდგენითი სამუშაოები და მისი დასრულება დაგეგმილია 2025 წელს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, დეპარტამენტს დაწყებული აქვს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები და შესაბამისად თანხა მოთხოვნილი იქნება დავის ფარგლებში. ამჟამად დავა განიხილება საერთაშორისო არბიტრაჟში და დავებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო,"- ნათქვამია უწყების პასუხში.

801 მეტრის სიგრძის ხიდი სამტრედია გრიგოლეთის გზის პირველი მონაკვეთზე არის განთავსებული, მთლიანად ამ საგზაო მონაკვეთის სიგრძე 11.5 კილომეტრს შეადგენს. მისი მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო, მაშინ როდესაც 2023 წლის თებერვალში ხიდის ჩანგრევა მოხდა.

სამტრედია გრიგოლეთის მაგისტრალის კიდევ ერთი - 12-კილომეტრიანი მესამე მონაკვეთიც მკვეთრი ვადაგადაცილებით შენდება, რაც სამინისტროს ურჩი კონტრაქტორის - Todini-ს საქმიანობას უკავშირდება, რომელთანაც 2017 წელს გაფორმებული კონტრაქტი გაწყდა იმიტომ რომ კონტრაქტორმა სამშენებლო სამუშაოები ფაქტობრივად არ შეასრულა. საერთაშორისო ტენდერის ხელახლა გამოცხადებას და ახალი კონტრაქტის გაფორმებას არაერთი წელი დასჭირდა, ამჟამად სამუშაოებს კომპანია Hunan Road & Bridge Construction Group-ი აშენებს, რომელსაც პროექტის დასასრულებლად ვადა 2025 წლის 30 ნოემბრამდე აქვს.

bm.ge