თბილისში აეროპორტის მიმდებარედ ახალი ავტობაზა შენდება, რომელიც 200 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს უნდა მოემსახუროს. პროექტზე 60.5 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისს კომპანია "ქონსთრაქშენ სერვისთან" გაფორმდა და ის 18 თვის ვადაში, ანუ 2025 წლის 30 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროექტზე კონტრაქტი გახანგრძლივდა და სამუშაოთა შესრულების ბოლო ვადად 2025 წლის 30 ივნისი განისაზღვრა, თუმცა 16 სექტემბერს კომპანიამ თბილისის მერიას აცნობა, რომ სამუშაოებს დროულად ვერც ამჯერად ვერ ასრულებდა, რის გამოც მხარეთა შორის კონტრაქტი კიდევ ერთხელ შეიცვალა და პროექტის დასრულება 29 ნოემბრამდე გადავადდა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, პროექტზე ამ დრომდე სულ 37.5 მილიონი ლარის გადახდები არის შესრულებული, რაც ღირებულების 62%-ია.

თბილისის მერიას უკვე შესყიდული აქვს 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, თუმცა მათგან ხაზებზე სულ 100 ერთეულზე ნაკლები ავტობუსი მოძრაობს, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ დიდ დიღომში არსებულ ავტობაზას არ აქვს საკმარისი სივრცე და წარმადობა ყოველდღიურ რეჟიმში მოემსახუროს 18-მეტრიანი ავტობუსების სრულ რაოდენობას. შესაბამისად, ახალი ავტობუსების ექსპლოატაციაში შესვლისთვის ჯერ ახალი ავტობაზის დასრულებაა აუცილებელი, რაც უკვე არაერთხელ გადავადდა.

თბილისის მერიას 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა 259 მილიონი ლარი დაუჯდა. აღნიშნული ავტობუსების გარდა, თბილისის მერიამ 18-მეტრიანი კიდევ 40 ავტობუსი შეიძინა, რომელთა ღირებულებაც 66.8 მილიონი ლარი იყო.

შესაბამისად, 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის პროექტი თბილისს სულ 326 მილიონი ლარი უჯდება, ხოლო მათთვის ახალი ავტობაზის საფასური 60.5 მილიონია. შესაბამისად, ახალი ავტობუსების პროექტის და მათთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა მთლიანობაში 380 მილიონ ლარზე მეტი ღირს. ხოლო ამ ავტობუსების ტექნიკური სარემონტო სამუშაოებისთვის გასულ წელს 25 მილიონი ევროს 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რომელსაც ამჟამად კიდევ 3-წლიანი 20 მილიონი ევროს კონტრაქტიც ემატება, შესაბამისად, ტექნიკური მომსახურების, ავტობუსების შესყიდვის და დეპოს მშენებლობის ჩათვლით, 200-მეტრიანი ავტობუსების რეფორმის საერთო ღირებულება ნახევარ მილიარდ ლარს აჭარბებს.

bm.ge