გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2233 ფაქტი გამოავლინეს – ინფორმაციას დეპარტამენტი ავრცელებს.

„სამართალდარღვევებიდან 797 მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების ფაქტია, 316 - სამშენებლო ან სხვა ინერტული მასალით დანაგვიანების, 264 - მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში წვა, 212 -  კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება, 58 - ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება/დაბინძურება, 44 - კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის წარდგენისა და ამ გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნების დარღვევა, 37 - სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, 505 კი, სხვა დარღვევაა.

აღსანიშნავია, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ყველაზე მეტი - 569 ფაქტი გამოვლენილია ქვემო ქართლში. 375 სამართალდარღვევა დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში, 330 -  კახეთში, 219 - აჭარაში, 165 - შიდა ქართლში, 91 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 73 - სამცხე-ჯავახეთში, 70 - იმერეთში, 41 - გურიაში, 11 ფაქტი კი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.

სამართალდარღვევები გამოვლენილია დედაქალაქშიც; 2025 წლის 10 თვეში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 289 ფაქტი გამოავლინეს.

ნარჩენების მართვის ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.