გასულ ზაფხულს NFL-ში რეკორდული რაოდენობის, 12,4 მილიარდის კონტრაქტები გაფორმდა და გახანგრძლივდა, რაც 2 მილიარდით მეტია 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

2024 წელს ათმა ყველაზე შემოსავლიანმა მოთამაშემ ჯამურად 644 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც გასული წლის 508 მილიონიან შედეგს 136 მილიონი დოლარით აღემატება, ხოლო 2017 წლის მონაცემებს სულაც ორნახევარჯერ ჯაბნის.

2018 წლის შემდეგ სიაში არანაკლებ შვიდი სპორტსმენი იყო ქუოთერბექის პოზიციის, რომელიც ამერიკულ ფეხბურთში ყველაზე საკვანძო როლად ითვლება. წლევანდელ რეიტინგში აღნიშნული პოზიციის ერთბაშად ცხრა მოთამაშეს ვხვდებით. ერთადერთი განსხვავებული პოზიციის მოთამაშე ტრევის კელსია 52 მილიონი დოლარით, საიდანაც 35 მან მოედანს მიღმა არსებული საქმიანობიდან გამოიმუშავა. ეს რიცხვი კი ისტორიაში საუკეთესო შედეგია თუ არ გავითვალისწინებთ ამ სპორტის სახეობაში ყველა დროის ყველაზე ტიტულიან ფეხბურთელ ტომ ბრეიდის, რომელმაც მოედანს მიღმა არსებული საქმიანობებიდან თავის უკანასკნელ სეზონში 44 მილიონი გამოიმუშავა.

წლევანდელ რეიტინგში პირველ ადგილზეა “Detroit Lions-ის” ჯარედ გოფი, რომელმაც კონტრაქტი ახლახან გაახანგრძლივა და მისმა შემოსავალმა 85,6 მილიონ დოლარს მიაღწია.

მას მოსდევს “Kansas City Chiefs-ის” ქუოთერბექი, მოქმედი ჩემპიონი პატრიკ მაჰოუმსი 81 მილიონით, მაშინ როდესაც გასულ წელს მისი შემოსავალი 60,5 მილიონ დოლარს შეადგენდა. გარდა იმისა, რომ მაჰოუმსი ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, ის მდიდრული სასპონსორო გარიგებების წყალობით დამატებით 25 მილიონ დოლარს იღებს. არცერთი სხვა ქუოთერბექი მაჰოუმსის გარდა არ გამოიმუშავებს 10 მილიონ დოლარზე მეტს სპორტული საქმიანობის მიღმა.


სამეულს კი 80,5 მილიონი დოლარით “Green Bay Packers-ის” ჯორდან ლავი ხურავს, რომელიც დრაფტზე 2020 წელს აირჩიეს და სპეციალურად ამზადებდნენ ლეგენდარული აარონ როჯერსის შემცვლელად. ლავმაც მასზე გაცემული ავანსები გაამართლა და წარმატებით ლიდერობს საკუთარ გუნდს.

მთლიანობაში კი 2024 წლის ხუთი ყველაზე შემოსავლიანი ამერიკული ფეხბურთის მოთამაშის რეიტინგი ასე გამოიყურება:

5. ჯასტინ ჰერბერტი - 66,6 მილიონი დოლარი
გუნდი: Los Angeles Chargers

4. ჯო ბუროუ - 69,7 მილიონი დოლარი
გუნდი: Cincinatti Bengals

3. ჯორდან ლავი - 80,5 მილიონი დოლარი
გუნდი: Green Bay Packers

2. პატრიკ მაჰოუმსი 81 მილიონი დოლარი
გუნდი: Kansas City Chiefs

1. ჯარედ გოფი - 85,6 მილიონი დოლარი
გუნდი: Detroit Lions

წყარო: bm.ge