პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

მისი ინფორმაციით, გასული წლის ბიუჯეტი დაგეგმილი იყო 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში, თუმცა მშპ-ს რეალურმა ზრდამ 7,5% შეადგინა და 80,246.1 მლნ ლარით განისაზღვრა. ეკონომიკური ზრდის პარალელურად, შემცირებულია ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი, რომელმაც საბოლოოდ 2,5% შეადგინა.

„ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითი გავლენა ჰქონდა საგარეო სექტორს. გასულ წელს საგარეო ვაჭრობით ბრუნვამ ჯამში, 21,604.6 მლნ. დოლარი შეადგინა. აქედან, ექსპორტის მაჩვენებელი იყო 6 მლრდ 090.6 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი კი 15,514.0 მლნ აშშ დოლარი", - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4 მლრდ 125.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 17,3%-ით მეტია 2022 წლის მონაცემთან შედარებით.

ნაერთი ბიუჯეტის პარამეტრებზე საუბრისას, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ შემოსულობები შესრულდა გადაჭარბებით 102,2%-ით, რამაც 22 124 175.5 ლარი შეადგინა. მათ შორის, საგადასახადო შემოსავლებია 19 მლრდ 732 მლნ ლარი და შესრულების მაჩვენებელია - 101,7%. რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, შესრულების მაჩვენებელი არის 100,2%.

მომხსენებელმა დეპუტატებს უწყებების მიერ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებიც გააცნო და აღნიშნა, რომ თითქმის ყველა სამინისტროს მაჩვენებელი არის 98-99% და რიგ შემთხვევებში, კიდევ უფრო მაღალი.

„ეკონომიკური პარამეტრები ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, იმის მიუხედავად, რომ 2023 წელს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 2022 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა. არაფერს ვაჭარბებ, მსოფლიოში საუკეთესოა. მხედველობაში მაქვს ბიუჯეტის დეფიციტი -2.2%, რომელსაც ევროპაში თითქმის ვერსად ვერ ნახავ, იგივე მთავრობის ვალის სიმცირე ერთ-ერთი საუკეთესოა, ასევე მაღალი ეკონომიკური ზრდა, დაბალი ინფლაცია, ამიტომ ბიუჯეტი არის კარგი", - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ სესიაზე და დასძინა, რომ წელსაც მაღალი ეკონომიკური ზრდა და დაბალი ინფლაცია გვაქვს.

წყარო: ipn.ge