უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო აცხადებს, რომ უკრაინაში დრონების წარმოებაში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვის შესახებ კიევსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ამის შესახებ სვირიდენკომ კიევში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, შეთანხმების შედეგად აშშ უკრაინულ უპილოტო საფრენ აპარატებს შეიძენს.

„ჩვენ ვგეგმავთ დრონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას შეერთებულ შტატებთან. განვიხილავთ აშშ-ის მიერ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების გაფართოებაში ინვესტიციებს. ანუ ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინული დრონების დიდი პარტიის შესყიდვაზე“, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

იულია სვირიდენკოს თქმით, აღნიშნული შეთანხმების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა მიიღეს და მაღალჩინოსნები უკვე მის დეტალებს განიხილავენ.