კორუფციის ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენებისა და საჯარო მოხელეების საქმესთან დაკავშირებით, უსაფრთხოების სამსახურის განცხადების შემდეგ, კორუფციის მკვლევარები ვარაუდობენ, რომ გამოძიება შესაძლოა არ შემოიფარგლოს მხოლოდ კონტრაქტორებითა და ქვედა რგოლის მოხელეებით და პროცესმა მაშინდელ ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელებამდე მიაღწიოს.
მათი შეფასებით, დოკუმენტაციის შესაძლო გაყალბება და სამუშაოების ხარისხზე პასუხისმგებელი პირების ხელმოწერები აჩენს კითხვებს, თუ როგორ ხდებოდა სრული ჯაჭვის, ტენდერების გამოცხადებიდან თანხების გადარიცხვამდე კონტროლი და ვინ იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებებს.
"წარმოიდგინეთ, რომ გზების დეპარტამენტის თანამშრომელი ნამყოფიც კი არ არის იმ ობიექტზე, სხვა შემთხვევაში, ხელს არ მოაწერდა. თუ ნამყოფი არ არის და ხელი მოაწერა, ეს იმას ნიშნავს, რომ გულგრილი დამოკიდებულება ჰქონდა მისი საქმიანობის მიმართ და თუ გულგრილი დამოკიდებულება არ ჰქონდა, მაშინ ე.ი., იცოდა, რასაც აკეთებდა, იცოდა, რომ გაყალბებული დოკუმენტაცია იყო და ამაზე აწერდა ხელს. ყველა შემთხვევაში, სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს ყველა იმ ადამიანის, არა მარტი კომპანიების თანამშრომლების, არამედ ყველა იმ საჯარო მოხელის, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ტენდერის გამოცხადებიდან ფულის გადარიცხვამდე, სრული რგოლი - დაწყებული სპეციალისტიდან დამთავრებული გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობით და კიდევ მინისტრებით", - ამბობს ბესიკ დონაძე.
ენმ-ს წევრი ლაშა ფარულავა ყურადღებას ამახვილებს პოლიტიკურ და ინსტიტუციურ მხარეზეც. მისი თქმით, ახლა მთავარი კითხვაა, განხორციელდება თუ არა გამოძიება სრულად და გამჭვირვალედ - ისე, რომ პასუხისმგებლობა ყველას დაეკისროს, ვინც პროცესში რეალურად მონაწილეობდა.
"რეჟიმის პირობებში, როდესაც არ არსებობს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, მხოლოდ პოლიტიკური ნება წყვეტს ვინ უნდა იყოს გარეთ და ვინ - ციხეში. შესაბამისად, მათ არ გაუჭირდებათ არც ქარსელაძის და არც არავის დაკავება. აქ, უბრალოდ, ლაპარაკია იმაზე, რომ ამ ღარიბაშვილი, ლილუაშვილის ქვევით არსებული ქსელი სწრაფად გაწმინდოდა, სწრაფად ყველა აღმოაჩინონ, დეინტიფიცირება მოახდინონ და არა მხოლოდ ჩამოაცილონ ხელისუფლების ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს და სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებს, არამედ მთალიანად მოკვეთონ პოლიტიკური გუნდიდან", - ამბობს ლაშა ფარულავა.
დაავებების ახალი სერია - სუსმა ბიზნესმენები და საჯარო მოხელეები დააკავა.
როგორც ემზარ გაგნიძემ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, 4 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ და სხვა სახის დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებულია 4 პირი, ხოლო, ჯამში, პასუხისგებაში მიეცა 11 ადამიანი.
დადგინდა, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები გზებს უხარისხოდ აგებდნენ, აყალბებდნენ დოკუმენტებს და ფულს ითვისებდნენ.