საქართველოში შემომსვლელი ტურისტებისთვის სავალდებულო დაზღვევის შემოღება კლინიკების ფინანსურ ტვირთს მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს - ამის შესახებ BMG-სთან „ჯანდაცვის ასოციაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაია მახარაშვილი საუბრობს.
მისი თქმით, ამჟამად, სამედიცინო დაწესებულებები ხშირად აწყდებიან პრობლემას, როდესაც გადაუდებელი დახმარება ესაჭიროებათ უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არც დაზღვევა აქვთ და არც მკურნალობის ხარჯების დაფარვის შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ დაუზღვეველი უცხოელი პაციენტების ნაკადი დიდი არ არის, ასეთი შემთხვევები მაინც არსებობს.
"რადგან ეს ეხება ძირითადად გადაუდებელ მომსახურებას, შესაძლოა, საკმაოდ რესურსტევადი მომსახურება დასჭირდეს პაციენტს. კანონმდებლობით, კლინიკა ვალდებულია, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს ნებისმიერ პაციენტს, მიუხედავად მისი მოქალაქეობისა და გადახდისუნარიანობისა. თუ პაციენტი გადახდისუუნაროა, არანაირი ბერკეტი კლინიკას არ გააჩნია, ვის მოსთხოვოს ეს თანხა, ან როგორ აიძულოს პირს თანხის გადახდა," - ამბობს მაია მახარაშვილი.
მისივე ინფორმაციით, მკურნალობის ხარჯები, შემთხვევის სირთულიდან გამომდინარე, შესაძლოა, საკმაოდ მაღალი იყოს.
„თუ ეს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებაა, როგორც წესი, ნაკლებხარჯიანია, მაგრამ არის შემთხვევები, მაგალითად, პოლიტრავმა, რომელიც შეიძლება ერთი ქეისი 50 000 ლარი ღირდეს საბოლოო ჯამში. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევების უმეტესობაში, კლინიკა გაწეული მომსახურების ანაზღაურებას ვერ იღებს, რაც მათთვის სერიოზულ ფინანსურ ზარალს წარმოადგენს.
თუკი, სავალდებულო გახდება ეს დაზღვევა, თავისთავად, ასეთი ტიპის პაციენტების ანაზღაურება მოხდება უკვე სადაზღვევოებით," - ამბობს მაია მახარაშვილი.
2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის დაზღვევა სავალდებულო ხდება. ახალი რეგულაციის მიხედვით, საქართველოში შემოსვლისას ტურისტს უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა. შემომავალი ვიზიტორების სავალდებულო დაზღვევის შემოტანა ტურიზმის შესახებ კანონითაა გაწერილი, დაზღვევის სქემა და პირობები კი, მთავრობის დადგენილებამ უნდა განსაზღვროს.