საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საქართველოს განვითარების ფონდი და „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო ბანკის სახით გაერთიანდება.

„რეალურად შერწყმაზეა საუბარი. რეორგანიზაციის პროცესი ძალიან მალე დაიწყება და შეიქმნება ერთიანი ინსტიტუცია, რომელიც შესაბამისი ფუნქციებით იქნება დატვირთული“, - ასეთია ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებული სიახლე.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში სახელმწიფო ბანკის შექმნის საკითხზე ეკონომიკის დოქტორმა ირაკლი მაკალათიამ ისაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ თუ „აწარმოე საქართველოში“, საპარტნიორო ფონდი და კიდევ სხვა სახელმწიფო პროგრამები თუ ეფექტიანი იყო, რა საჭიროა დივერსიფიცირებული, გადანაწილებული მიმართულებების გაერთიანება. მისი თქმით, რაც უფრო გაერთიანდება და ერთი დიდი ორგანიზმი შეიკვრება, მით მეტი ფინანსური რესურსი იქნება საჭირო, ეს ფული კი ციდან არ ცვივა, ბიუჯეტში მას გადასახადების გადამხდელები იხდიან.

„სახელმწიფო ბანკის შექმნით, გადასახადის გადამხდელებს უფრო მეტად დავბეგრავთ, რათა უფრო მეტი ფული წავართვათ და ასე დავაფინანსოთ სხვადასხვა პროექტები, რომლებიც გარკვეული ადამიანების ინტერესების სფეროებში მოექცევა.

ეს საკითხი რომ განვიხილოთ, ორი მიმართულება გვჭირდება. პირველი - რეალურად რა კონცეფციის მატარებელია და რა იგულისხმება სახელმწიფო ბანკში, რადგან ერთი მხრივ, ერთია სახელმწიფო ბანკი და მეორეა - განვითარების ბანკი. რომელი ფუნქცია ექნება და რა ფუნქციით იქნება დატვირთული, ან ორივე ფუნქციას შეითავსებს, სრული ინფორმაცია არ გვაქვს და ამდენად, წინასწარი დასკვნების გაკეთება რთულია. თუ იქნება განვითარების ბანკი, ეს შედარებით მისაღებია, ბევრად ნაკლებ პრობლემას შექმნის, ვიდრე ორგანიზაცია სახელმწიფო ბანკის სტატუსით.

რაც შეეხება განვითარების ბანკს, ეს რომ წარმოვიდგინოთ, როგორც ევროპის განვითარების ბანკია, როგორც მსოფლიო ბანკია, მსგავსი ორგანიზაცია, ოღონდ ლოკალურ დონეზე, რომელიც გარკვეულ პროექტებს აფინანსებს ქვეყანაში, ეკონომიკურ სექტორში იქნება თუ ბიზნეს და იურიდიული მიმართულებით. თუ ეს ასე გაკეთდა და თუ განვითარების ბანკის ასეთი სტატუსით იქნება ორგანიზაცია, მაშინ, ჩნდება კითხვა, გვქონდა აქამდე საპარტნიორო ფონდი და ამ საპარტნიორო ფონდმა რატომ ვერ იმუშავა? „აწარმოე საქართველოში“ რამდენად ეფექტიანია და ზოგადად, სახელმწიფო პროგრამები, რაც გვაქვს, რამდენად ეფექტიანია, რატომ გახდა საჭირო მათი გაერთიანება. ამაზე შეიძლება კითხვები დაისვას. ჩნდება ლოგიკური კითხვაც - რამდენად ეფექტიანი იქნება ეს ახალი ბანკი“, - აღნიშნავს ირაკლი მაკალათია.

ასევე, ირაკლი მაკალათია მიიჩნევს, რომ რადგან ეს არ იქნება კომერციული ორგანიზაცია და დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებს, მის მმართველ პირებს არანაირი სტიმული არ ექნებათ, ორგანიზაცია ეკონომიკური მოგებისკენ წაიყვანონ.

„წარმოიდგინეთ ორი სუბიექტი: კერძო და სახელმწიფო - როცა თქვენ ხართ კერძო სუბიექტი, ნეპოტიზმის უფლება არ გაქვთ, რადგან თუ დარღვევით წაიყვანეთ კომპანიის საქმიანობა, გაკოტრდებით და ბაზრიდან გავარდებით, მაგრამ როცა სახელმწიფო კომპანიის მმართველი ხართ, მუდმივად გაქვთ დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მუდმივად დონაციაზე ხართ და წავა თუ არა მოგებისა თუ წაგებისკენ, ეს სტიმული აღარ არის.

დამზღვევი მექანიზმი არის მხოლოდ ის, რომ მოდით, გვენდეთ, ჩვენ კარგი ადამიანები ვართ. ეს არის ერთადერთი, სხვა არგუმენტი ამას არ აქვს. იმის ნაცვლად, რომ ერთი ორგანიზაცია შეიქმნას, ერთი კომპანია და ყველაფერი აკეთოს, ხომ უკეთესი იქნებოდა, დივერსიფიცირებული ყოფილიყო და სხვადასხვა სფეროები სხვადასხვა მიმართულებებს ჩაჰბარებოდა“, - აცხადებს ირაკლი მაკალათია.