საქართველოში საფონდო ბირჟა მიმდინარე წელს, ტრადიციულად, უმნიშვნელოდ ფუნქციონირებს, თვიდან თვემდე არც გარიგებების მოცულობა და რაოდენობა იცვლება მნიშვნელოვნად.

ნოემბერში საფონდო ბირჟაზე მხოლოდ 6 გარიგება დაიდო, 85 731.60 ლარის ღირებულებით. მიმდინარე წლის ოქტომბერში კი ბირჟაზე 9 გარიგება დაიდო.

სექტემბერში საფონდო ბირჟაზე მხოლოდ 6 გარიგება დაიდო, 10 279.26 ლარის ღირებულებით. აგვისტოში კი ბირჟაზე მხოლოდ 4, 9875 ლარის ღირებულების გარიგება დაიდო.

რაც შეეხება წინა თვეებს, ივლისში საფონდო ბირჟაზე მხოლოდ ერთი, 250 ლარის ღირებულების გარიგება დაიდო. ივნისსა და მაისში კი ბირჟაზე გარიგება საერთოდ არ დადებულა.

აპრილში საქართველოს საფონდო ბირჟის საერთო ბრუნვამ 24 300 ლარი შეადგინა, ანუ დღიური საშუალო ბრუნვის მაჩვენებელი 810 ლარი იყო. მთელი თვის განმავლობაში ბირჟაზე სულ 2 გარიგება დაფიქსირდა, რომლებიც „საქართველოს ბანკს“ უკავშირდებოდა.

რაც შეეხება 2024 წლის პირველ სამ თვეს. იანვარში სავაჭრო სესიებზე მხოლოდ 3 გარიგება დაიდო, თებერვალში - 7, ხოლო მარტში - 3.

გასულ წელს კი სავაჭრო სესიებზე ჯამში მხოლოდ 29 გარიგება დაიდო, აქციების რაოდენობამ 3 804 161, ხოლო ღირებულებამ 162 429.62 ლარი შეადგინა.

საქართველოს საფონდო ბირჟა ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, სადაც 28 კომპანიის აქციები და ობლიგაციებია განთავსებული. მათი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია კი 917 მილიონ დოლარს შეადგენს.