თბილისის საფონდო ბირჟა პირველი ემისიისთვის ემზადება. ბირჟას დოლარში ვაჭრობის ფუნქციონალი უკვე დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელი გახდა დოლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების განთავსება და ვაჭრობა. მომავალ ეტაპზე კი გეგმაში ევროთი ვაჭრობის ფუნქციონალის დამატებაა.
თბილისის საფონდო ბირჟის 27.4% საქართველოს საფონდო ბირჟას ეკუთვნის, რომლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი “საქმის კურსთან” ინტერვიუში ამბობს, რომ დაინერგა ახალი სავაჭრო სისტემა, ასეთი ტიპის კონსტრუქციის შექმნის საჭიროება კი გარკვეული ტექნიკური ოპერაციული მიზნებით გადაწყდა. ნინო ქურდიანის თქმით, ორივე ბირჟა პარალელურ რეჟიმში იფუნქციონირებს, თუმცა თბილისის საფონდო ბირჟა ემიტენტებს შესთავაზებს ყველა იმ ფუნქციონალს, რისი საშუალებაც არ არსებობდა საქართველოს საფონდო ბირჟაზე. ქურდიანი ამბობს, რომ სავარაუდოდ, შემოდგომაზე ბირჟაზე ერთ-ერთი კომპანია აქციებს დალისტავს, რამაც პირველი აქტიური ვაჭრობის პრეცედენტი უნდა შექმნას.
"თბილისის საფონდო ბირჟის პლატფორმა არის ბევრად უფრო თანამედროვე, ისეთი, როგორსაც ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო ბირჟებზე, ყველა იმ ფუნქციონალით, გაცილებით მეტი ფუნქციონალით, ვიდრე ამჟამად სჭირდება კაპიტალის ბაზარს.
საქართველოს საფონდო ბირჟაზე რჩებიან არსებული ინვესტორები და ნებისმიერ ინვესტორს ექნება არჩევანი, თვითონ გადაწყვიტონ. საქართველოს საფონდო ბირჟის პლატფორმა ამდენი წელი ერთგულად გვემსახურა, მორალურად და ტექნიკურად მოძველებულია და აქედან გამომდინარე საფონდო ბირჟაზე ვთავაზობთ ყველა იმ ფუნქციონალს, რისი საშუალებაც არ არსებობდა საქართველოს საფონდო ბირჟაზე.
მაგალითად, თბილისის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა შესაძლებელია მთელი დღის განმავლობაში, რის საშუალებასაც არ იძლეოდა საქართველოს საფონდო ბირჟა. იქ ვაჭრობა შესაძლებელი იყო დღის განმავლობაში ჯამურად დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. აქ ექნებათ საშუალება მთელი დღე ივაჭრონ. გარდა ამისა, ყველაფერი რისი საშუალებაც აქვს ინვესტორს საერთაშორისო ბირჟაზე, ექნება საშუალება გააკეთოს თბილისის საფონდო ბირჟაზე. მასზე წვდომა შესაძლებელი იქნება ფაქტობრივად ნებისმიერი ქვეყნიდან და არა მხოლოდ საქართველოდან.
ამასთან, დოლარში ვაჭრობა შესაძლებელია, ევროში ვაჭრობის შესაძლებლობისთვის კი ალბათ დამატებით ერთი წელი დაგვჭირდება.
როცა ვამბობთ, რომ ვემზადებით ახალი ინვესტიციებისთვის, მხედველობაში გვაქვს პოტენციური აქციის ემისია, დიდი ემისია, რომელმაც უნდა შექმნას პირველი აქტიური ვაჭრობის პრეცედენტი. იმედია, პირველ პრეცედენტი კარგ მაგალითს მისცემს სხვა ბიზნესებს და აჩვენებს, რა ბენეფიტი შეიძლება ჰქონდეს ბირჟაზე დალისტვას.
აქციებზე მეტი მოლოდინი არ გვაქვს. ამჟამად ე.წ ფაიფლაინში ყველა დანარჩენი კომპანია არის ობლიგაციები“,-აცხადებს ნინო ქურდიანი „საქმის კურსთან“ ინტერვიუში.