„რაღაც პროდუქტების კუთხით შეგვეძლო მიგვეღო სარგებელი, მაგრამ ჩვენი სოფლის მეურნეობის პოლიტიკა არა კონკურენციის, არამედ სუბსიდირების ზრდაზეა ორიენტირებული“, - ამბობს კვლევითი ცენტრის, „ჯეოქეისის“, მრჩეველი ნიკოლოზ ალავიძე კითხვის პასუხად, რამდენად შესაძლებელია, რომ საქართველომ ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო ომის პარალელურად ჩაანაცვლოს აშშ-ში ჩინური სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი?

მისი თქმით, დღევანდელი სუბსიდირების პროგრამა შავი ხვრელია სოფლის მეურნეობაში, რომელიც ვერ უზრუნველყოფს საშუალო და გრძელ ვადებში დარგის კონკურენტუნარიანობას.

„წლების განმავლობაში ვაგრძელებთ ისეთი დანახარჯების ზრდას, როგორიცაა სუბსიდირება სოფლის მეურნეობის დარგებში, ეს მხოლოდ შავი ხვრელია და არ აჩენს სტაბილურობას და არ ქნის კონკურენტულს ჩვენს სოფლის მეურნეობას, რათა ვიყოთ ბაზარზე კონკურენტული და აშშ-ჩინეთის სატარიფო ომის პარალელურად სოფლის მეურნეობის ექსპორტის ჩანაცვლება შევძლოთ მხარეებისთვის მოკლე ვადაში.

ამ სატარიფო ომით ამერიკა პირველივე დარტყმას იღებს ფერმერული პროდუქტებით, რადგან ჩინეთიდან ძირითადად სოფლის მეურნეობის იმპორტს ახორციელებდა. ამ დროს შეგვეძლო რაღაც პროდუქტების კუთხით მიგვეღო სარგებელი, მაგრამ ჩვენი სოფლის მეურნეობის პოლიტიკა არა კონკურენციის, არამედ სუბსიდირების ზრდაზეა ორიენტირებული, რაც არანაირ გრძელვადიან ეფექტს არ იძლევა. იგივე შეცდომები იქნა დაშვებული წინა სავაჭრო ომის დროს 2018 წელს. მას შემდეგ რაიმე სტრატეგიული სხვლა არ გაკეთებულა.

სახელმწიფოები, მათ შორის ჩვენი მეზობლები, ვინც უკეთესად მომზადებული შეხვდება სავაჭრო ომს, რა თქმა უნდა, უფრო მეტ სარგებელს მიიღებს, ვინც ნაკლებად მომზადებული იქნება, ისე როგორც ჩვენი ქვეყანა, არაპირდაპირი გავლენა უფრო ხელშესახები და მძიმე იქნება. ისევ და ისევ შესაძლებლობები ყოველთვის არსებობს, მაგრამ საშუალო ვადაში უარყოფითი ეფექტები მოსალოდნელია ჩვენს ეკონომიკაზე, რადგან ძალიან მოწყვეტილი ეკონომიკა გვაქვს“, - განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ.

წყარო: bpn.ge