შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სტრუქტურული დანაყოფების მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, უპილოტო საფრენი აპარატების [დრონი] შესყიდვაზე“ ტენდერი გამოაცხადა.
შსს სხვადასხვა ზომის 40 დრონში მაქსიმუმ 1 მილიონ 66 ათას ლარს გადაიხდის. ტენდერიც ამ თანხითაა გამოცხადებული.
შესასყიდი დრონები:
- მცირე ზომის მაღალი კლასიფიკაციის მქონე – 26 ცალი;
- მოზრდილი ზომის – 12 ცალი
- დიდი ზომის – 2 ცალი.
„შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი, ქარხნული წარმოების, არ უნდა იყოს ექსპლუატაციაში ნამყოფი, უნდა იყოს ვარგისი, არ უნდა გამოავლინოს ხარვეზები, მისი მახასიათებლები სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულ მაჩვენებლებთან“, – აღნიშნულია ტენდერში.
პრეტენდენტს თბილისში უნდა ჰქონდეს სერვისცენტრი. ამასთან, გამარჯვებულმა დიდი ზომის დრონებზე შს სამინისტროს თანამშრომლებს შესაბამისი ტრენინგი უნდა ჩაუტაროს.
ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 26 ნოემბერს დაიწყება და ხუთ დღეში, პირველ დეკემბერს დასრულდება.
გამარჯვებულმა დრონები შსს-ს ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 დღეში უნდა მიაწოდოს [მაგრამ არაუადრეს 2026 წლის 12 იანვრისა].