ციფრული ლარი შესაძლოა, აღარც დაინერგოს - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვარლამ ებანოიძემ განაცხადა.
“ციფრული ლარის ტესტირება შეზღუდულ გარემოში, როცა ჩვენ გავტესტეთ 5 ე.წ. იუესქეისი დასრულებულია. ჩვენ ამ ტესტირების ფაზიდან პრაქტიკული გამოცდილება მივიღეთ, ახლა ზოგადი სენტიმენტი მთელს მსოფლიოში ციფრული ვალუტების მიმართ არის შედარებით შენელებული და ჩვენ ამ გამოცდილებას ვიყენებთ ახლა კერძო სექტორის მიმართულებით. ჩვენს რეგულირების ლაბორატორიაში გამოვაცხადეთ ტარგეტული სენტბოქსი ტოკენიზირებულ დეპოზიტებზე და ამ ტექნიკურ ცოდნას და გამოცდილებას ვიყენებთ უკვე კერძო სექტორის გამოშვებული ციფრული ტოკენიზირებული ფულების ექსპერიმენტების თვალსაზრისით.
ჩვენი მიზანი იყო ტექნოლოგიები გაგვეტესტა. საბოლოო გადაწყვეტილება არასდროს არ იყო მიღებული იმის შესახებ, რომ ციფრული ლარი დანერგილიყო. საქართველოს საგადახდო სისტემა ჯერ მხოლოდ ერთ საგადახდო საშუალებას აღიარებს. ე.წ. ლიგალ ტენდერი არასდროს არ ყოფილა და მიზანი იყო მაქსიმალურად მწირი რესურსებით თვითონ ტექნოლოგიის შესახებ მიგვეღო შესაბამისი ცოდნა და ახლა ამ ტექნოლოგიას ვიყენებთ ტოკენიზირებული დეპოზიტების რეგულირების ლაბორატორიაში. შესაძლოა, აღარც დაინერგოს ციფრული ლარი”, - განაცხადა ვარლამ ებანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ციფრული ლარის გამოშვების პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო. გაიმართა რამდენიმე საჯარო განხილვაც. თუმცა დღეს ირკვევა, რომ შესაძლოა, პროექტი საერთოდაც არ განხორციელდეს.