„შენი საგადასახადო მრჩეველი“ - „კომერსანტისა“ და კომპანია „გრანთ თორნთონის” ერთობლივ პროექტს წარმოადგენს.

6 დეკემბრის გადაცემა, რომელსაც „გრანთ თორნთონ საქართველოს“ უფროსი საგადასახადო კონსულტანტი დავით ღავთაძე უძღვებოდა იმპორტის გადასახადს შეეხებოდა.

რა არის იმპორტის გადასახადი

იმპორტის გადასახადი არის საერთო-სახელმწიფოებრივი, არაპირდაპირი გადასახადი, რომლის გადამხდელია პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადააადგილებს საქონელს, გარდა ექსპორტისა.

იმპორტის გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთისას საქონლის საბაჟო ღირებულება.

არსებობს იმპორტის გადასახადის სხვადასხვა სახის განაკვეთები. პირველ რიგში განვიხილოთ ის საქონელი, რომელთა იმპორტი 12-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება. ესენია: შინაური ფრინველები, ხორცი, ხორცპროდუქტები და მათი სუბპროდუქტები, კვერცხი, თაფლი, ხილი, ბოსტნეული, ბურღულეული, თამბაქოს ნაწარმი, სხვადასხვა სახისა და დანიშნულების ქვები და ა.შ. 12-პროცენტიანი განაკვეთით დაბეგვრადი საქონლის ნუსხა განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლის პირველ ნაწილში.

იმპორტის გადასახადის 5-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება შემდეგი საქონლის საბაჟო ღირებულება: ღორის ხორცი, ყველი, ხაჭო, თმის მოვლის სხვადასხვა სახის საშუალებები, რეზერვუარები, ცისტერნები, ავზები, სამაგრი ნაკეთობები და ფურნიტურა ავეჯისათვის ან სატრანსპორტო საშუალებებისათვის, კაბელები, კარები, ფანჯრები, მათი ჩარჩოები და ა.შ. 5-პროცენტიანი განაკვეთით დაბეგვრადი საქონლის ნუსხა განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლის მეორე ნაწილში.

ისეთ საქონელზე, როგორებიცაა ღვინო, ვისკი, რომი, არაყი, ლიქიორი და სხვა ალკოჰოლური სასმელები, იმპორტის გადასახადის განაკვეთი განსაზღვრულია ინდივიდუალურად. ზოგ შემთხვევაში განაკვეთი მიყენებულია მხოლოდ სასმლის მოცულობაზე, სხვა შემთხვევებში მათში სუფთა ალკოჰოლის შემცველობის პროცენტულ მაჩვენებელზე. მაგალითად: განაკვეთი ღვინის შემთხვევაში შეადგენს 1,5 ევროს ერთ ლიტრზე. შესაბამისად თუ გადასახადის გადამხდელი განახორციელებს 50 ლიტრი ღვინის იმპორტს, მას მოუწევს 75 ევროს იმპორტის გადასახადის გადახდა.

მსუბუქი ავტომობილის იმპორტში მოქცევისას იმპორტის გადასახადის განაკვეთია 0,05 ლარი ავტომობილის ძრავის მოცულობის ყოველ კუბურ სანტიმეტრზე დამატებული იმპორტის გადასახადის თანხის 5 პროცენტი ავტომობილის ექსპლუატაციაში ყოფნის ყოველი წლისათვის.

გაითვალისწინეთ, რომ მსუბუქი ავტომობილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევიდან, თუ ეს სატრანსპორტო საშუალება 180 კალენდარული დღის განმავლობაში გაფორმდება ექსპორტის პროცედურაში და დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, იმპორტიორი უფლებამოსილია დადგენილი წესის შესაბამისად დაიბრუნოს ამ სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი იმპორტის გადასახადი 100 პროცენტის ოდენობით.

არსებობს გარკვეული სახის, ან დანიშნულების მქონე საქონელი რომელთა იმპორტი გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისაგან და მათი ნუსხა განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლით.