საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ედილაშვილმა შვეიცარიაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „გამოწვევები მაღალი გაურკვევლობის პირობებში“ მიიღო მონაწილეობა – ინფორმაციას სებ–ი ავრცელებს.
„რიგით მე-13 წლის კონფერენცია ეკონომიკურ საკითხებში შვეიცარიის სახელმწიფო სამდივნოს (SECO) მხარდაჭერით, ცენტრალური ბანკების ორმხრივი დახმარებისა და შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში (BCC) გაიმართა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წამყვანი ექსპერტები, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის, ცენტრალური ბანკებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.
კონფერენციის მთავარი თემა იყო კოვიდ პანდემიისა და რეგიონში არსებული კონფლიქტების შედეგად გამოწვეული უპრეცედენტო ეკონომიკური შოკები, რომლებიც გამოიხატა მიწოდების ჯაჭვების მნიშვნელოვანი შეფერხება და ცვლილება. აღინიშნა, რომ მზარდი მაკროეკონომიკური გაურკვევლობის გარდა, საგრძნობლად გაიზარდა პოლიტიკის არაპროგნოზირებადობაც. კონფერენციის პროგრამა ასევე მოიცავდა მაღალი დონის დისკუსიებს მაკროეკონომიკური გარემოს განვითარებაზე, სავაჭრო და ფინანსური ფრაგმენტაციის შესაძლო გაღრმავებაზე და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების სტრატეგიულ შესაძლებლობებზე.
გიორგი ედილაშვილმა მონაწილეობა მიიღო სადისკუსიო პანელზე სახელწოდებით „სავაჭრო და საფინანსო ფრაგმენტაცია“. დისკუსიაში ასევე მონაწილეობენ ფედერალური სარეზერვო სისტემის, აზერბაიჯანის, უზბეკეთისა და სხვა ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები. პანელზე განიხილეს საერთაშორისო სავაჭრო და საფინანსო კავშირების მზარდი ფრაგმენტაციის შედეგები და მისი შესაძლო გრძელვადიანი გავლენა გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკებზე.
გიორგი ედილაშვილმა ისაუბრა საერთაშორისო სავაჭრო და ფინანსური ფრაგმენტაციის გამომწვევ მიზეზებზე, გრძელვადიან პერსპექტივებსა და მოსალოდნელ შედეგებზე, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივებზე, რომლებიც მიზნად ისახავს შუა დერეფანში ფინანსური სერვისების განვითარებასა და ინოვაციების ხელშეწყობას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.