გაზრდილი ინფლაციის დასაძლევად, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. ECB-ის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 25 საბაზო პუნქტით (+0.25%) 4.25%-იან ნიშნულამდე გაზარდა.
ორი დღის წინ, აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმაც გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა. FED-ის კომიტეტის გადაწყვეტილებით, განაკვეთები 5.5%-ის ფარგლებში განისაზღვრა, რაც ამერიკული სტანდარტებით უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია, ასეთი მკაცრი მონეტარული პოლიტიკა აშშ-ში 2007 წლის შემდეგ არ ყოფილა.
„კომერსანტი“ დაინტერესდა თუ რა გავლენას მოახდენს ECB-ს და FED-ის გადაწყვეტილება საქართველოში უცხოურ ვალუტაში არსებული სესხების საპროცენტო განაკვეთებზე. ანალიტიკოსები ერთხმად თანხმდებიან, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გამკაცრება სესხებზე საპროცენტო განაკვეთებს გაზრდის.
Galt & Taggart-ში აცხადებენ, რომ საქართველოს ბაზარზე ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდა ჯერ სრულად არ ასახულა. 2023 წლის მაისის მდგომარეობით, სავალუტო ბიზნეს სესხების საშუალო განაკვეთი 9.8%-ს შეადგენდა, რაც საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, მომდევნო პერიოდების განმავლობაში კიდევ უნდა გაიზადოს.
Galt & Taggart-ის თანახმად, ევროკავშირსა და აშშ-ში ცენტრალური საპროცენტო განაკვეთები პიკს 2023 წლის ბოლოსთვის მიაღწევს, რის შემდეგაც მათ შემცირების ტენდენცია ექნებათ.
საბანკო ასოციაციაშიც ვარაუდობენ, რომ უცხოურ ვალუტაში კრედიტებზე პროცენტის ზრდის ტენდენცია უახლოეს მომავალშიც გაგრძელდება.
„უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების პროცენტი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია იმაზე, როგორი ტენდენცია იქნება მსოფლიო საკრედიტო ბაზარზე, რომელიც, თავის მხრივ, მყისიერად რეაგირებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში არსებულ ვითარებაზე, პირველ რიგში კი ინფლაციურ პროცესებსა და მონეტარული პოლიტიკის სიმკაცრის ხარისხზე“, - ამბობს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე.