საქართველოში „ზოლოტაია კორონას“ - გადახდის სისტემის მომხმარებლებს ფულადი გზავნილების მიღების პრობლემები 24 აგვისტოს შეექმნათ. ტექნიკური პრობლემების არსებობა საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა – „საქართველოს ბანკმა“ დაადასტურა. ამის შესახებ წერს რუსული გამოცემა РБК („როსბიზნესკონსალტინგ“).

გამოცემის ცნობით, „ზოლოტია კორონას“ აპლიკაციაში TBC-ის ბარათებზე გადარიცხვის შესაძლებლობა აღდგა თბილისის დროით 21:00 საათისთვის. მოგვიანებით „საქართველოს ბანკის“ კლიენტმაც დაუდასტურა გამოცემას, რომ მანაც შეძლო გადარიცხვა ამ ბანკში.

23 აგვისტოს შეერთებულმა შტატებმა დააწესა სანქციები იმ კომპანიის წინააღმდეგ, რომელმაც შექმნა პროგრამული უზრუნველყოფა „ზოლოტაია კორონასთვის“. რუსული ბანკების წინააღმდეგ სანქციების კონტექსტში და რუსეთის საერთაშორისო საგადახდო სისტემებიდან (Visa, Mastercard) გათიშვის პირობებში, „ზოლოტაია კორონა“ იქცა რუსეთიდან საზღვარგარეთ, მათ შორის საქართველოში ფულის გაგზავნის ერთ-ერთ მთავარ არხად.

წყარო: რადიო თავისუფლება