საქართველოში ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგებიდან ხდება ცნობილი.

სებ-ის მიერ იანვარში ბიზნეს სექტორთან ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ინფლაციური მოლოდინები არის მცირედით გაზრდილი.

კერძოდ, მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 4%-6%-ის ფარგლებში ფიქრობენ. ამის საპირისპიროდ, დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ზრდას 0%-თან ახლოს და 8%-ზე მეტად ელოდებიან. მთლიანობაში, გამოკითხვის მიხედვით, 1 წლის შემდგომი ინფლაციური მოლოდინები დაბალ დონეზე ნარჩუნდება.

„ამავე გამოკითხვის მიხედვით, იანვარში დეკემბერთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები ასევე მცირედით გაზრდილია. კერძოდ, დეკემბერთან შედარებით, მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 2%-4%-იან და 6%-8%-იან ზრდის ინტერვალში ელოდებიან. ამის საპირისპიროდ, დაკლებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე საშუალოდ ფასების ზრდას 0%-2%-ის ფარგლებსა და 4%- 6%-ის ფარგლებში ფიქრობენ.

გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში ზომიერად მომატებულია. კერძოდ, იანვარში დეკემბერთან შედარებით გაიზარდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 4%-6%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად მოიაზრებენ. მეორე მხრივ, შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ზრდას 0%-თან ახლოს და 2%-4%-ის ფარგლებში ფიქრობენ.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, იანვარში დეკემბერთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე მომატებულია. კერძოდ, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების მატებას 30%-ზე მეტად ფიქრობენ. მეორე მხრივ, დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ზრდას 10%-20%-ისა და 20%-30%-ის ფარგლებში ელოდებიან.

გამოკითხულთა აზრით, იანვარში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების ათვისების დონე (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) დეკემბერთან შედარებით მომატებულია“, - ნათქვამია გამოკითხვის შედეგებში.

სებ-ის პროგნოზით კი 2024 წლის პირველ კვარტალში ინფლაცია 0.5%, მეორე კვარტალში 3.2%, მესამეში 3.06%, მეოთხეში კი 2.8% იქნება.