საქართველოში 341 388 პენსიონერს და სოციალური შემწეობის მიმღებს 420 045 336 ლარის საპენსიო სესხი აქვს აღებული. მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი კი 23 288 294 ლარს შეადგენს.

ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ ერთი საპენსიო სესხის საშუალო ზომა 1230 ლარამდეა.

პირველი კვარტალის განმავლობაში გაცემული საპენსიო სესხების საშუალო შეწონილი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 28.2%-ს შეადგენდა, ხოლო ნომინალური 25.1%-ს. 

2022 წლის მაისში „ლიბერთი ბანკმა“ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და მომდევნო 7 წლით პენსიების გაცემის უფლება მოიპოვა. ამ სერვისში ბანკი სახელმწიფოსგან წელიწადში 15 მილიონ ლარს მიიღებს.

ცნობისთვის, 22 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავასა და „ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორის, ბექა გოგიჩაიშვილის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი 2023 წლამდე აიღეს, პროცენტი შეუმცირდებათ და იმ პროცენტს გაუტოლდება, რომელიც 2023 წლიდან დაწესდა. ეროვნული ბანკის მომხმარებელთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ლაშა გზირიშვილის ინფორმაციით, იმ სესხების რაოდენობა, რომლებიც აღებულია 2023 წლის იანვრამდე და არ არის დაფარული,  არის დაახლოებით 151 ათასი სესხი და მათზე საპროცენტო განაკვეთი 30%-ს აჭარბებს.