საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დოქტორანტების კვლევითმა პროექტებმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2024 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსში გამარჯვება მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, კონკურსში გამარჯვებული სამი პროექტის ავტორები მშენებლობის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი ქეთევან წიქარიშვილი და წყლის რესურსების ინჟინერიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტები - მარიამ ყავრელიშვილი და ლაშა ყაველაშვილი არიან.
სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ზურაბ გვიშიანის განცხადებით, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წლევანდელ კონკურსში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტების მიერ მოპოვებული გამარჯვება ზრდის, როგორც უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა დაინტერესებას აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა კონკურსებში, ასევე, საერთაშორისო კვლევით პროექტებში მათი ინტეგრირების შესაძლებლობებს.
ცნობისათვის, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა „2024 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსში“ 39 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა.