3-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს საფონდო ბირჟას გენერალური დირექტორი ჰყავს. ეს პოსტი 2025 წლის ივლისიდან გიორგი ამზაშვილმა დაიკავა. მანამდე, 2022 წლის სექტემბრიდან, გიორგი ფარესიშვილის გადადგომის შემდეგ, საფონდო ბირჟის დირექტორის მოვალეობას ნინო ქურდიანი ასრულებდა.

გიორგი ამზაშვილი ასევე დაინიშნა თბილისი საფონდო ბირჟის გენერალურ დირექტორად.

ამზაშვილი ფინანსური და კაპიტალის ბაზრების ექსპერტია, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი მრავალმხრივი გამოცდილება კორპორაციული ფინანსების, სტრუქტურირებული ფინანსების, კაპიტალის ბაზრების განვითარების და სტრატეგიული კონსულტაციის სფეროში, როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ეკონომიკებში.

ის მუშაობდა Deloitte Consulting-თან USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში, სადაც ხელმძღვანელობდა საქართველოში კრიტიკული ფინანსური კანონმდებლობისა და პლატფორმების განვითარებას - მათ შორის, საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონის, სეკურიტიზაციის შესახებ კანონის და უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტების (REITs) ჩარჩოების.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საფონდო ბირჟაზე აქციებით ვაჭრობა თითქმის არ ხდება. წლის დასაწყისიდან სავაჭრო სესიებზე სულ 7 გარიგება დაიდო. ჯამში “ლიბერთი ბანკის” 25 146 ლარის აქციებით ივაჭრეს. არასაბირჟო გარიგებების სახით კი, ბირჟაზე აღირიცხა 28,8 მლნ ლარის, 15.8 მლნ დოლარის და 3.05 მლნ ევროს ობლიგაციებით ვაჭრობა.

საფონდო ბაზრის ჯამური კაპიტალიზაცია 1,067 მლრდ ლარამდეა შემცირებული.

bm.ge