„ჩვენი ქვეყნის საფინანსო სექტორი არის ღირსეული კონტრიბუტორი მაკროეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით, მაკროეკონომიკური სტაბილურობა კი მნიშვნელოვანად უწყობს ხელს საფინანსო სექტორის მდგრადობას, მედეგობას სხვადასხვა შოკების მიმართ და სტაბილურ განვითარებას“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
კონფერენცია, სახელწოდებით „საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა: მაკროეკონომიკური და სექტორული პერსპექტივები”, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გაიხსნა.
როგორც ნათია თურნავამ პანელურ დისკუსიაში თემაზე: „მაკროეკონომიკური და სექტორული პერსპექტივები” გამოსვლისას აღნიშნა, საფინანსო სექტორმა ბევრ შოკს გაუძლო და ბოლო 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა დეპოზიტების დაკარგვის არცერთი ფაქტი.
„მიმდინარე მონაცემებით საბანკო სექტორი კარგად კაპიტალიზებულია და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებს. საკრედიტო აქტივობა ნომინალური ეკონომიკის ზრდის თანაზომიერია. სესხების მშპ-სთან ფარდობა ეკონომიკური აქტივობის ნორმალიზების კვალდაკვალ ეტაპობრივად უახლოვდება მის გრძელვადიან ტრენდს. აღსანიშნავია ისიც, რომ საბანკო სექტორი მომგებიანობის სოლიდური მაჩვენებლებით და აქტივების მაღალი ხარისხით ხასიათდება. ჯანსაღია სესხების ზრდა - თითქმის 15%, სადაც წამყვანი წილი ბიზნეს სესხებს უკავიათ. რაც შეეხება უმოქმედო სესხების წილს, იგი ისტორიულად დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება და 2.6%-ს შეადგენს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საბანკო სექტორის ტექნოლოგიური კუთხით განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბანკო სექტორი მნიშვნელოვნად პროგრესირებს ტექნოლოგიური განვითარების კუთხითაც.
„ვხედავთ ქართული ბანკების კონკურენტუნარიანობას და ექსპანსიას რეგიონში, რასაც მივესალმებით და ვფიქრობთ, რომ დამატებით შესაძლებლობებს გააჩენს ჩვენი ბიზნესისთვისაც. ფინტეკის ხელშეწყობისთვის ჩვენ არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ და ხელშესახებ შედეგებს უკვე ვხედავთ. ბაზარზე გავაჩინეთ ციფრული ბანკებისა და მიკრობანკების ნიშა, უკვე გვყავს ლიცენზირებული მოთამაშეები და გვაქვს მოლოდინი, რომ ეს კონკურენტულ გარემოსა და ეკონომიკისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
თურნავას თქმითვე, საქართველოს საფინანსო სექტორი გახდა რეგიონალური, ქართული ბაზრით სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ყაზახეთის, სინგაპურის, ჩინეთის წარმომადგენლები ინტერესდებიან.
ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს