სახელმწიფო აუდიტის სამსახური მთავრობას აფრთხილებს, რომ „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ (GOGC) შესაძლოა ლიკვიდობის პრობლემა შეექმნას, რის გამოც საჭირო გახდეს ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებითი დაფინანსების გამოყოფა. რისკებზე საუბარია სახელმწიფო საწარმოების მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშში.
აუდიტის თანახმად, კორპორაციის ფინანსურ მდგრადობას საფრთხეს უქმნის მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის სუბსიდირება, ასევე მთავრობის მიერ განსაზღვრულ ფასად გაზის მიწოდება და სხვა ფინანსური ვალდებულებები. სუბსიდირების გამო კომპანიას წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი შემოსავალი არ მიუღია.
კორპორაციის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, მოსახლეობისთვის გაზის ტარიფის სუბსიდირება 2025 წელს 135 მილიონი ლარი დაჯდა, 2024 წელს — 93 მილიონი, 2023 წელს — 302 მილიონი, 2022 წელს — 337 მილიონი, 2021 წელს — 301 მილიონი, ხოლო 2020 წელს — 198 მილიონი ლარი.
ლიკვიდობის პრობლემა კორპორაციას 2022 წელსაც შეექმნა, რის გამოც ფინანსთა სამინისტრომ მას იმავე წლის დეკემბერში 230 მილიონი ლარის სესხი გამოუყო. ამჟამად კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე 110 მილიონი ლარის დავალიანება აქვს, რომლის დაფარვის ვადაც 2027 წლის ბოლომდე გადაიწია. აუდიტის მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტაციიდან არ ირკვევა, წარედგინა თუ არა მთავრობას კორპორაციის შესაძლო ლიკვიდობის რისკებზე შესაბამისი წინადადება.