საქართველოს მიკროსაფინანსო და მიკროსაბანკო სექტორი ძალიან ბევრ ქვეყანას, მათ შორის, ცენტრალურ აზიასა და ევროპაში, წინ უსწრებს, - ამის შესახებ MFC-ის კონფერენციის მოდერატორმა და "კრისტალის" გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელმა მაია ქობალიამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე MFC-ის 27-ე საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში გაიმართება, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა გახსნის.
"ბოლო წლების განმავლობაში ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო სექტორის მიმართ გატარებულმა რეფორმებმა და რეგულაციებმა საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღება მიიპყრო და ამიტომ, MFC-ის საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში ტარდება. ფაქტობრივად ასეთი, დიდი და მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება მიკროსაფინანსოებისთვის არ ჩატარებულა. კონფერენცია მოიცავს ისეთ თემებს როგორიც არის გარემოს დაცვის და სოციალურ რისკებს, შოკებს, მთავარ, მნიშვნელოვან ძვრებს და გადაწყვეტებს, ანუ იმ მნიშვნელოვან ძვრებს და შოკებს, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორმა ძალიან ბევრი განიცადა.
27-ე საერთაშორისო კონფერენცია აერთიანებს საინვესტიციო ფონდებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, მწვანე დაფინანსებაზე, გენდერულ დაფინანსებაზე, მდგრად, ინკლუზიურ დაფინანსებაზე და ასევე, მოწყვლადი ჯგუფების დაფინანსებაზე. მცირე და საშუალო მეწარმეები არიან ისინი, რომლებისთვისაც დიდი ბანკების სესხები მიუწვდომელია, რადგან უზრუნველყოფა და სხვა ინდიკატორები შემოდის, რაც მათთვის რთულია. დღეს მიკრობანკი MBC-ს და "კრისტალის" გამოკლებით, სექტორი 30 მიკროსაფინანსო ორგანიზაციით არის წარმოდგენილი, რომელიც 4000-მდე ადამიანს ასაქმებს, კაპიტალი 700 მლნ-ია, ხოლო აქტივები 2 მლრდ ლარი, რაც საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის არ არის მცირე. "კრისტალი" მთელი საქართველოს მასშტაბით 200 000 ადამიანს ემსახურება, 50 ფილიალი გვაქვს და 1200 ადამიანი არის დასაქმებული. ეს ადამიანები ყოველ დღე იღვიძებენ იმისთვის, რომ აი იმ მოწყვლად ჯგუფებს მოემსახურონ. მცირე, საშუალო და მიკრო მეწარმეებისთვის ვარსებობთ, რომლებიც ქვეყნის დოვლათის შემქმნელები არიან და რეალურად ძალიან სჭირდებათ ეს. ჩვენ არ ვართ მათთვის მხოლოდ კრედიტორები, ჩვენ ვართ პარტნიორები.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებს 500-მდე დელეგატი 35 ქვეყნიდან. მათ შორის, ძირითადად ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან. პირველ რიგში ისინი აქედან წაიღებენ კონტაქტებს, გარდა ამისა, ძალიან იშვიათად ხდება, რომ 500 ადამიანი ერთად იკრიბება და ერთ ოთახში და ერთი და იმავე თემაზე იყრის თავს", - აცხადებს მაია ქობალია.
შეგახსენებთ, 27-29 მაისს, საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC) ორგანიზებით, თბილისი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. MFC-ის 27-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის თემაა - „ცვლილებები, შოკები და გადაწყვეტები: მიკროფინანსები გეოპოლიტიკის ჩრდილში“.
კონფერენციის მიზანია ინკლუზიურ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობების განხილვა გეოპოლიტიკური და კლიმატური გამოწვევების ფონზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მიკრო და საოჯახო ბიზნესებსა და მოწყვლად ჯგუფებზე როგორიცაა: ქალები, ახალგაზრდები, მიგრანტები და სოფლად მცხოვრები მოსახლეობა.
საერთაშორისო კონფერენციის მხარდამჭერები არიან: მიკრობანკი კრისტალი, Fimple, Finance Ltd, MFX Solutions, ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლა, სეფინი (Q-Lana), Agents for Impact, EFSE, Global Gender-Smart Fund, Mastercard, Aspekt, responsAbility Investments AG, Kyia.ai, zypl.ai, კრედო ბანკი და MicroEurope.
MFC მიკროსაფინანსო ცენტრი არის საერთაშორისო ქსელი, რომელიც აერთიანებს 140 წევრ ორგანიზაციას 36 ქვეყნიდან ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ის ემსახურება 2 მილიონზე მეტ დაბალშემოსავლიან კლიენტს და მხარს უჭერს პასუხისმგებლიან, ინკლუზიურ და მდგრად ფინანსებს ადვოკატირების გზით, შესაძლებლობების გაძლიერებით, ციფრული ტრანსფორმაციით, მწვანე ფინანსებითა და ESG-ის ხელშეწყობით.