საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობენ.
EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა წარმოადგენს უმაღლესი დონის საერთაშორისო ფორუმს, სადაც განიხილება გლობალური და რეგიონული ეკონომიკური გამოწვევები, მდგრადი განვითარებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის შესაძლებლობები.
შეხვედრის ფარგლებში, ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები ორმხრივ შეხვედრებს მართავენ პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან, რაც ხელს უწყობს საქართველოს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას.
ორმხრივ შეხვედრებზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ფინანსურ ორგანიზაციებს საქართველოს მაკროეკონომიკური გარემო და პროგნოზები გააცნეს.
“გლობალურად მიმდინარე ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს სტაბილურობას. ფასების სტაბილურობას, რაც მდგრადი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა წარმატებით უზრუნველყოფს. საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა ინვესტორებისთვის მიმზიდველია და საქართველოს მიმართ დაინტერესება მაღალია”, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.