2025 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 21 798.2 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.8 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2025 წლის I კვარტალში 3.4 პროცენტით განისაზღვრა.

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (28.6 პროცენტი), განათლება (27.7 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.9 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (6.1 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (11.0 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (17.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (9.5 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (8.7 პროცენტი).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (13.1 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.6 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს ინფორმაცია და კომუნიკაცია (9.5 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (8.3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7.5 პროცენტი), განათლება (7.2 პროცენტი), მშენებლობა (6.9 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.7 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.4 პროცენტი).