VASP-ები, იგივე ვირტუალური აქტივების პროვაიდერები, ანუ კომპანიები, რომლებიც მომხმარებლებს კრიპტოაქტივების ფლობა-განკარგვის სერვისს სთავაზობენ, სრულად სებ-ის ზედამხედველობის ქვეშ მოექცევიან, რასაც ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში აღნიშნულ საკითხზე საუბრისას Focus Verify-ს დამფუძნებელი ლუკა ლომსაძე აცხადებს, რომ თუ მოთხოვნები ზედმეტად მკაცრი იქნება, ახალი VASP-ების გამოჩენაზე ეს უარყოფით გავლენას მოახდენს. გარდა ამისა, როგორც ლუკა ლომსაძე ამბობს, ახალი რეგულაციები და მოთხოვნები კომპანიებს აიძულებს, ძირითადი რესურსები და დრო რეგულაციებთან თანხვედრაში მოსვლას მოახმარონ. შესაბამისად, შემდეგ უკვე ეს საბოლოო მომხმარებლისთვის სერვისების გაძვირებას იწვევს.

„VASP-ებთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციები უკვე რამდენიმე წელია, აქტიურად მოქმედებს. დღეის მდგომარეობით, თუ არ მოვიაზრებთ უკვე განახლებულ მოთხოვნებს, კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს მინიმალურ მოთხოვნილებებს, რაც არის შესაბამისი კადრები, შესაბამისი რისკების პოლიტიკის გამართვა და ასე შემდეგ. ამის გათვალისწინებით, დღეს ბაზარზე საკმაოდ დიდი რაოდენობით VASP გვყავს ქართული ბაზრისთვის, დაახლოებით 30-40 კომპანია.

განახლებული მოთხოვნით, კომპანიებს, ვისაც მომავალში დასჭირდება VASP-ის ლიცენზია, უფრო მეტი დეტალის დაკმაყოფილება დასჭირდებათ. მათ შორის, ერთ-ერთია მინიმალური კაპიტალის განთავსებაც, რაც ძალიან მსგავსია იმ რეგულაციების, რაც ევროკავშირში მოქმედებს.

ისეთი პატარა ბაზრისთვის, როგორიც საქართველოა, სადაც არაოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 300-350 ათასი მომხმარებელია კრიპტოს სფეროში ჩართული, დამატებითი რეგულაციების შემოტანა, ჩემი აზრით, უფრო სავალალო შედეგების მომტანია და შეიძლება იქამდეც მივიდეთ, რომ კომპანიები ვერ შეძლებენ, მომხმარებელს უნიკალური და ახალი სერვისი შესთავაზონ“, - ამბობს ლუკა ლომსაძე.

მისივე ინფორმაციით, ევროკავშირში საშუალო ეტაპის კომპანიისთვის მინიმალური კაპიტალი 150 ათასი ევროა. საქართველოში რა თანხაზეა საუბარი, ჯერჯერობით, უცნობია.

„კარგი იქნება, თუ მარეგულირებელი მისცემს კომპანიებს თავისუფლებას გარკვეულ ასპექტებში, ნაცვლად იმისა, რომ რეგულაციებზე დახარჯონ მთელი რესურსები და თანხები, პლატფორმაზე ინოვაციური პროდუქტები დანერგონ“, - აცხადებს ლუკა ლომსაძე.