აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სიტყვით გამოვიდა ბანკის მმართველთა ბიზნესსესიაზე.
გამოსვლისას, მან ყურადღება გაამახვილა ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეულ ეკონომიკურ ზრდაზე, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო, როგორც აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობას წევრ ქვეყნებთან. მისი თქმით, საქართველო განაგრძობს თანამშრომლობას და მხარს უჭერს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის აქტიურ ჩართულობას.
„საქართველომ განსაკუთრებული მდგრადობა აჩვენა და სტაბილურად მიიწევს წინ სტრატეგიული მიზნების მიღწევის გზაზე - კერძოდ, ძირითადი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულების, შუა დერეფნის ფარგლებში დაკავშირებადობის უნარის გაუმჯობესებისა და ძლიერი ადამიანური კაპიტალის შექმნის მიმართულებით. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკური ზრდა, საშუალოდ, წლიურ 9.5 პროცენტს აჭარბებდა და 2025 წელსაც მაღალი ნიშნულით გრძელდება. ამ რთულ გარემოში ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტები კვლავაც მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება, ნეგატიური ზემოქმედების შერბილება და სტრუქტურული რეფორმებისა და მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფაა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მან, ასევე, ისაუბრა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ციფრული დაფინანსების, კლიმატის ცვლილებებისადმი გონივრული ინფრასტრუქტურისა და კერძო სექტორის ხელშეწყობის ღონისძიებებს.
მან მადლობა გადაუხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას ღონისძიების მასპინძლობაზე გაწეული ძალისხმევისთვის, ასევე, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკსა და მის ხელმძღვანელობას, საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის და გამოთქვა მზაობა, გაღრმავდეს თანამშრომლობა საერთო მიზნების მისაღწევად, რაც დაკავშირებულია საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ქვეყნის როლის გაძლიერებასთან.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს