ჩვენი ბანკირების დაუღალავი შრომის შედეგად, საქართველო რეგიონში დინამიური და მედეგი ფინანსური ცენტრი გახდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბანკირის პროფესიული დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტი გააგრძელებს ისეთი პოლიტიკის ხელშეწყობას, რომელიც საბანკო-ფინანსური სექტორის შემდგომ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.
„დღეს, ბანკირის პროფესიულ დღეს, შევიკრიბეთ, რომ აღვნიშნოთ ბანკირებისა და ფინანსისტების მნიშვნელოვანი როლი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ დღეს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187 წელი გავიდა. მან ქართული ეროვნული ღირებულებების აღორძინებასთან ერთად, ქართული ბანკის დაფუძნება და განვითარებაც ითავა. ეს ფაქტი მოწმობს, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება ერის, ხალხის, სახელმწიფოს განვითარებაში საბანკო საქმის სათანადოდ წარმართვას. საბანკო საქმე მხოლოდ ფულის მართვა როდია; საბანკო საქმე დღეს, დამოუკიდებელ საქართველოში, ეკონომიკური ზრდის, ინვესტიციებისა და კეთილდღეობის საფუძველს ქმნის," - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ გა ქართული საბანკო სისტემის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი შეფასებით, საქართველო რეგიონში დინამიური და მედეგი ფინანსური ცენტრი გახდა.
"ჩვენ ვართ თანამედროვე საბანკო ტექნოლოგიების დანერგვის, მომხმარებელთა მომსახურებისა და მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარების მხრივ დიდი პროგრესის მომსწრენი. ჩვენი ბანკირების დაუღალავი შრომის შედეგად, საქართველო რეგიონში დინამიური და მედეგი ფინანსური ცენტრი გახდა. დღესდღეობით, თანამედროვე სამყაროში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მათ შორის, ფინანსური მომსახურებების ციფრული ტრანსფორმაციის ფონზე, თქვენი მოქნილობა და ინოვაციური მიდგომები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, წარმატებით გააგრძელებთ სიახლეების დანერგვას და მომავალშიც უზრუნველყოფთ ჩვენი ეკონომიკისა და საზოგადოების სტაბილურობასა და განვითარებას.
ბანკირის დღეს, თითოეულ თქვენგანს დიდ მადლობას გიხდით თქვენი საქმიანობისთვის. პარლამენტი გააგრძელებს ისეთი პოლიტიკის ხელშეწყობას, რომელიც საბანკო-ფინანსური სექტორის შემდგომ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული და ფინანსური მომსახურებების ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და ეროვნული ბანკის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. მისივე თქმით, საბანკო-საფინანსო სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია. მისივე შეფასებით, ჯანსაღი საბანკო სისტემა არა მარტო ეკონომიკის, არამედ ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტიცაა.
"ეროვნული ბანკი ბევრად მეტია, ვიდრე ფინანსური ინსტიტუტი. მას დიდი წვლილი შეაქვს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. დღევანდელ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, პირდაპირი საინფორმაციო თავდასხმების პირობებში, რომლებიც, მათ შორის, ჩვენს ვალუტას ეხება, ეროვნულმა ბანკმა წარმატებით შეძლო ლარის სიმყარისა და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება. დიდი მადლობა ქალბატონ ნათია თურნავას პროფესიონალიზმისთვისა და ნაყოფიერი საქმიანობისთვის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.