საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის ფარგლებში „საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტის“ განსახორციელებლად 35 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი გამოიყოფა.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა.
ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ასევე ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.
მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტი ითვალისწინებს სარეზოლუციო ფონდისთვის 35 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის წინასწარ შეთანხმებული საკრედიტო ხაზის შექმნას, რომელიც ფინანსური სექტორის მდგრადობის გაძლიერებასა და რეზოლუციის მექანიზმების ეფექტიანობის უზრუნველყოფას ემსახურება.
პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს საქართველოს ეროვნული ბანკის რეზოლუციის ჩარჩოს შემდგომ განვითარებას, მისი ეფექტიანობის ზრდასა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან დაახლოებას.
ამასთან, საკრედიტო ხაზი სარეზოლუციო ფონდისთვის დამატებით ფინანსურ დაცვის მექანიზმს წარმოადგენს ფონდის სამიზნე ნიშნულამდე შევსების პერიოდში და უზრუნველყოფს საჭიროების შემთხვევაში რეზოლუციის პროცესის დროულ და ეფექტიან განხორციელებას.