ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა და უზბეკეთის უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების მინისტრის პირველმა მოადგილემ შაჰრუხ დალიევმა ხელი მოაწერეს სამოქმედო გეგმას სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ. ხელმოწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დელეგაციის უზბეკეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

ხელმოწერას ასევე დაესწრნენ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი პირები. ვიზიტის მიზანია საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ინოვაციების, ციფრული განვითარების და ტექნოლოგიური განათლების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის მდგრად განვითარებას და ინოვაციური ეკოსისტემების გაძლიერებას.

უზბეკეთის უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ინოვაციური და ტექნოლოგიური განათლების ხელშეწყობაზე, ერთობლივ საგანმანათლებლო ინიციატივებსა და ინსტიტუციურ პარტნიორობაზე.  

როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, დაახლოებით 10 წლის წინ საქართველომ, ფაქტობრივად, ნულიდან დაიწყო ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება და მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია, მათ შორის, IT სერვისების ექსპორტმა ძირეულად შეცვალა ქვეყნის ექსპორტის სტრუქტურა და ეს მაჩვენებელი ფაქტობრივად ნულიდან 900 მლნ დოლარამდე გაიზარდა. მისი თქმით, საერთაშორისო კომპანიის სპეციალური სტატუსის შემოღებამ დააჩქარა უცხოეთიდან ტექნოლოგიური და IT კომპანიების შემოსვლა საქართველოს ბაზარზე და შედეგად, ბოლო წლებში ქვეყანაში საქმიანობა დაიწყო 150-მდე საერთაშორისო კომპანიამ, ხოლო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 10,000-ს გადააჭარბა.

„საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემა დინამიურად ვითარდება ადგილობრივი სტარტაპების მხარდაჭერის კუთხითაც, კერძოდ, მთავრობა ამ მიზნით ახორციელებს არა მხოლოდ სახელმწიფო საგრანტო პროგრამებს, არამედ ხელს უწყობს მათ კერძო ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას. საქართველოს ბაზარზე შემოვიყვანეთ საერთაშორისო მასშტაბის აქსელერატორი, რომელმაც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემა რეგიონულ და საერთაშორისო მასშტაბზე აიყვანა. ასევე შევქმენით ინკუბატორები, ტექნოპარკები და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისთვის აუცილებელი სხვა ინფრასტრუქტურა,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.  

ირაკლი ნადარეიშვილმა ყურადღება გაამახვილა ქუთაისში მასშტაბური ტექნოლოგიური ჰაბის პროექტზე, სადაც იმუშავებს ხელოვნური ინტელექტის კვლევითი კომპეტენციის ცენტრი; ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი; საერთაშორისო კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი, რომელიც 12-18 წლამდე ახალგაზრდებისთვის იქნება განკუთვნილი და მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა პროგრამირება, ანიმაცია, კინო, კომპიუტერული თამაშების შექმნა, გრაფიკული დიზაინი, 3D მოდელირება, რობოტიკა და სხვ. ასევე ტექნოპარკს და სხვა ლაბორატორიებს.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საქართველო და უზბეკეთი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ერთობლივ პროექტების განხორციელებაზეც იმუშავებენ.

ვიზიტის მსვლელობისას, ირაკლი ნადარეიშვილი და თანხმლები პირები უზბეკეთის ინოვაციური ტექნოპარკისა (INNO Technopark) და IT პარკის ხელმძღვანელობას შეხვდნენ, რომლის დროსაც განიხილეს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან აღნიშნული ორგანიზაციების თანამშრომლობა ერთობლივი პროგრამებისა და სამოქმედო გეგმების განხილვა ტექნოლოგიური ბანაკების, ტექნოპარკებისა და სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.